“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერი კახა კალაძე “ძალიან დიდ სისულელეს” უწოდებს სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრობოებისთვის მიწოდებულ დოკუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც NGO-ებმა არჩევნების გაყალბების სქემა გამოაქვეყნეს.
“ეს არის სისულელე. ძალიან დიდი სისულელე. დაგაკმაყოფილათ პასუხმა?” — მიმართა მან ჟურნალისტს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ჰკითხა, ხსენებული დოკუმენტები ყალბია თუ ნამდვილი.
ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვას, რით ამტკიცებს აღნიშნულს, კალაძემ ასე უპასუხა:
“ეს არის ჩემი შეფასება. მე არ ვამტკიცებ, ეს არის ჩემი შეფასება… ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ სხვა დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, ეს თქვენი მოსაზრებაა. მე გეუბნებით ჩემს მოსაზრებას”.
მანვე თქვა, რომ “არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ეს არის ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლები”.
კალაძე გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს.
თავდაპირველად აღნიშნული შედეგი არ ემთხვეოდა “ცესკოს” ოფიციალურ მონაცემს, თუმცა შემდეგ ორგანიზაციამ ხარვეზზე ისაუბრა და პარალელური დათვლის შედეგი დააკორექტირა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაემთხვა “ცესკოს” შედეგებს.
“გოგაშვილის ფაილები”
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც შეიცავს 2018-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისას, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების დამადასტურებელ ფაქტებს.
ორგანიზაციების განცხადებით, კვლევაში ასახულია ფაქტები, რომლებიც მათ მიაწოდა “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა და სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა. გოგაშვილი 16 ივლისს, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
კვლევის თანახმად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების პარტიული მიზნებით გამოყენება.
კერძოდ, აღნიშნული უწყებები, სავარაუდოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ აგროვებდნენ პერსონალურ ინფორმაციას, მათზე შემდგომი ზეწოლის მიზნით.
ამასთან, კვლევის თანახმად, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ სახელმწიფო უწყებები მოქალაქეებს უზრუნველყოფდნენ წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებითა და სხვა ტიპის სარგებლით.
გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით NGO-ებმა არჩევნების გაყალბების სქემა გამოაქვეყნეს