ახალი ამბები

ევროკავშირი კარლ ჰარცელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს – სტანო

21 ივლისი, 2022 •
ევროკავშირი კარლ ჰარცელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს – სტანო

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს.

პიტერ სტანომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გუშინ, 20 ივლისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კი თქვა, რომ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო.

„საქართველო: რეფორმების განხორციელება და ევროკავშირის დღის წესრიგის შესრულება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა. საკუთარი შეუსრულებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს აუცილებლობას, რომ საჭიროა მეტი დრო იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები რომ საშინაო დავალებაა.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გაწია ევროკავშირისა და საქართველოს დასაახლოებლად“, – დაწერა პიტერ სტანომ ტვიტერზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი