საზოგადოება

ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა EU-სთან ურთიერთობაში – კობახიძე

20 ივლისი, 2022 • 636
ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა EU-სთან ურთიერთობაში – კობახიძე

მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩ კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მისი კრიტიკა დაიწყო.

კობახიძის თქმით, კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

„ჩვენ ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ევროკავშირში განაცხადი გვქონდა გაკეთებული და მიმდინარე პროცესი იყო. თუმცა დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.

ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მმართველი დირექტორი თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში. EEAS-მდე იყო პოლონეთის წარმომადგენელი პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC). რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქვს ვარშავის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. სწავლობდა პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი