ახალი ამბები

ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო – სამხარაძე

20 ივლისი, 2022 • 1134
ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო.

სამხარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იზიარებდა თუ არა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრს, რომელმაც თქვა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

“მე სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარის გაკეთება არ მიყვარს. რაც შეეხევა ბატონი ჰარცელის შეფასებას, მე შემიძლია ვთქვა, რომ მას შეეძლო უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დამაზუსტებელი კითხვა, რა ვერ გააკეთა ჰარცელმა, სამხარაძემ უპასუხოდ დატოვა.

ამასთან, სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის დროს მმართველი პარტია “ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან საქართველოს შიდასა კითხებში უხეშად ჩარევის” თემას წამოწევს.

“ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ და, ალბათ, ევროპარლამენტარებსაც ექნებათ თავიანთი კრიტიკული შენიშვნები”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩ კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მისი კრიტიკა დაიწყო.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.

 

ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მმართველი დირექტორი თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში. EEAS-მდე იყო პოლონეთის წარმომადგენელი პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC). რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქვს ვარშავის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. სწავლობდა პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი