ახალი ამბები

ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება აშშ-ის ელჩის მიმართ — ზურაბიშვილი

15 ივლისი, 2022 •
ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება აშშ-ის ელჩის მიმართ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წუხს იმ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ ისმის. აღნიშნულის შესახებ მან 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“არ შეიძლება, არ ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება ამჟამად აშშ-ის ელჩის მიმართ.

მე არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ რაიმე მტკიცებულებები არის, საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს ერთი ერთზე საუბარი ამის შესახებ და არა ტელევიზიებით და მედიასაშუალებებით განცხადებები.

ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები. ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს”, — დასძინა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ განცხადებებზე საუბრობს.

კონსპირაცია საქართველოს ჩართვის მცდელობაზე

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და ამ კონფლიქტში საქართველოს მთავრობის ლიდერების ორაზროვანი განცხადებების გამო დასავლეთიდან მათი კრიტიკის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, – მათ შორის, ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა, – დაიწყეს კონსპირაციის თეორიის გავრცელება, თითქოს გარკვეულ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, „საქართველოს ომში ჩართვა“ სურთ.

ამ კუთხით მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე უფრო თამამი რიტორიკით გამოირჩევა “ქართული ოცნებიდან” ახლად გასული 3 დეპუტატი — დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი. მათ ნათლად დაიწყეს იმ კონსპირაციის თეორიის განვითარება, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, საქართველო ომში ჩაებას.

30 ივნისს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მსგავს თეორიებს „მზაკვრული ნარატივი“ უწოდა და განაცხადა, რომ „საქართველოს ომში ჩართვა“ სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ დეზინფორმაცია.

ელჩის ამ განცხადებაზე გამოხმაურება პირველმა ითავა მიხეილ ყაველაშვილმა და ელჩი დეგნანისთვის გამზადებულ მორიგ საჯარო წერილში თქვა, რომ ომში ჩართვის ნარატივი არა „ეფ-ეს-ბედან“, არამედ აშშ-სგან დაფინანსებული ადამიანებისგან მოდის.

ყაველაშვილის ამ ნაკლებად დიპლომატიურ ჟესტზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ელჩმა დეგნანმა განაცხადა:

„[ყაველაშვილის] ეს წერილი იმდენად სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით, რომ ბოლოშიც კი ვერ გავედი. ძალიან უცნაური იყო… მას [ყაველაშვილს] არ ესმის, რომ აშშ აქ არის ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიის, ერთი ან მეორე მხარის, მხარდასაჭერად“.

ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ ნარატივი კიდევ უფრო გამწვავდა. იმავე საღამოს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში თქვა, რომ ელჩის ეს ნათქვამი „შეურაცხმყოფელი იყო“, ყაველაშვილი კი „ღირსეული ადამიანია“, რომელსაც „შეურაცხყოფა არ ეკუთვნის“.

გვარამიას მოსამართლის საკითხი

„ქართულ ოცნებასა“ და შეერთებული შტატების მთავრობას შორის რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში, – მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს ეს ცნობები არ დაუდასტურებიათ, – ნიკა გვარამიას საქმეში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს გვარამიას მიუსაჯა 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა. ამის შემდეგ შეერთებული შტატების საელჩომ მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

24 მაისს, როდესაც შეერთებული შტატების საელჩოს ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე განმარტება მოსთხოვა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და, დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“.

ამ განცხადების შემდეგ შტატებში არ გაემგზავრა ამავე პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლეც.

უკვე დღეს, 15 ივლისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დაადასტურა, რომ ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ ხსენებული პროგრამიდან მოხსნეს.

ვრცლად:

„შესაძლოა, ვიხილოთ საგარეო ორიენტირების შეცვლა“ – „ოცნება“ აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი