აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი ვარაუდი შეერთებული შტატების მიერ სასამართლოში ჩარევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ დეგნანმა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„ნებისმიერი ვარაუდი აშშ-ის ჩარევის შესახებ აქ, სასამართლო პროცესებში უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ წლები შევალიეთ საქართველოს დახმარებას, რომ საქართველოში იყოს თავისუფალი და მიუკერძოებელი, გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემა. ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ბევრ პარტნიორთან ერთად, რომელიც გვყავს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში.”
კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის სასამართლოს მხარდაჭერის პროგრამები ღიაა.
„მე ვერაფერს ვიტყვი მოსამართლის ნაცვლად. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პროგრამები ღიაა ბევრი პროფესიონალისთვის სასამართლო სისტემაში, ვინც დაინტერესებულია აშშ-ში ჩამოსვლით და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით. ეს პროგრამა ღია რჩება ქართველი მონაწილეებისთვის“, — თქვა მან.
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ დღეს, 15 ივლისს, დაადასტურა, რომ ის ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ აშშ-ში დაგეგმილი სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან მოხსნეს.
ჩხიკვაძის თანახმად, მან განცხადების გაკეთება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მოისმინა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, რაც, მოსამართლის შეფასებით, სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლაა.
„როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია, ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარ ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოჰყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში?“, — კითხულობს ჩხიკვაძე.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც, და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია ბრალდებულების მიმართ, თუმცა გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა მის კოლეგებზე.
ნიკა გვარამიას დაკავებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესაძლო მინიჭებისთვის საჭირო რეკომენდაციის დოკუმენტის მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო.
მაშინ ევროინტეგრაციის პროცესში ჩართული ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება დააზიანებდა საქართველოს პოზიციებს.