ახალი ამბები

“პირველი ყვავი სანქციების სიაში” – გოცირიძე გვარამიას მოსამართლეზე

15 ივლისი, 2022 •
“პირველი ყვავი სანქციების სიაში” – გოცირიძე გვარამიას მოსამართლეზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის წინააღმდეგ სანქცია გამოიყენა.

„ეს არის სანქცია. მას [მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს] არ მისცეს უფლება შესულიყო ამერიკაში და მონაწილეობა მიეღო სემინარში, რომელშიც დაგეგმილი იყო ქართველი მოსამართლეებისთვის.

ეს ვაიმოსამართლე არის პირველი მერცხალი სანქციების სიაში, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია, უფრო სხვანაირად ვიტყოდი, იგი არის პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში.

მას აუცილებლად სხვებიც მიჰყვება, მოსამართლეები, პროკურორები, სუსის წარმომადგენლები, რომლებიც ჟურნალისტებს უსმენდნენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ დაადასტურა, რომ ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ აშშ-ში დაგეგმილი სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან მოხსნეს.

ჩხიკვაძის თანახმად, განცხადების გაკეთება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მოისმინა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, რაც, მოსამართლის შეფასებით, სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლაა.

„როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია, ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარ ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოჰყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში?“, — კითხულობს ჩხიკვაძე.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც, და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია ბრალდებულების მიმართ, თუმცა გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა მის კოლეგებზე.

ნიკა გვარამიას დაკავებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესაძლო მინიჭებისთვის საჭირო რეკომენდაციის დოკუმენტის მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო.

მაშინ ევროინტეგრაციის პროცესში ჩართული ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება დააზიანებდა საქართველოს პოზიციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი