ახალი ამბები

გალერი იმედოვნებს, რომ სააპელაციო გვარამიას გაამართლებს

13 ივლისი, 2022 • 866
გალერი იმედოვნებს, რომ სააპელაციო გვარამიას გაამართლებს

ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სააპელაციო სასამართლო “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას გაამართლებს. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც.

გალერი შეეხო ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ივნისში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც  შეშფოთებას გამოხატავს ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო.

გალერის სიტყვებით, უშუალოდ ნიკა გვარამიას საქმე “ფართოდაა აღქმული, როგორც მთავრობისადმი კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობა”. მისივე თქმით, “შეცდომების გამოსწორება გვიანი არასდროსაა”, მათ შორის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს შესაძლებლობას და მომავალი კვირის სამშაბათს გაამართლებს გვარამიას, რათა გამოსწორდეს წარსულის შეცდომები და აღდგეს თავისუფალი მედიის ძლიერი ხმა”, — დასძინა ევროპარლამენტარმა.

მაიკლ გალერი ასევე შეეხო პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დასძინა, რომ “სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მიუხედავად ამა თუ იმ პოლიტიკური მოსაზრებისა, საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და ის უნდა გათავისუფლდეს ახლა, რათა ციხეში არ მოკვდეს”.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა კონცენტრირდეს 12 პუნქტის შესრულებაზე, რომელიც ევროკომისიამ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოუყენა.

დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტში მოუსმინეს ესტონელ ევროპარლამენტარ სვენ მიკსერს (სოციალ-დემოკრატიული პარტია), რომელმაც წარადგინა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიში.

ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.

დოკუმენტის პროექტში საუბარია ყველა იმ საკითხზე, რომლის მოგვარებისკენაც საქართველოს მოუწოდებენ ევროპული ინსტიტუციები ბოლო პერიოდში – პოლიტიკურ დიალოგზე, არჩევნებზე, სასამართლო რეფორმაზე, „დეოლიგარქიზაციაზე“, მედიის უფლებებზე და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი