ახალი ამბები

ნარკოტიკული მოხმარების ზიანის შემცირებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით ორი პროექტი იწყება

14 ივლისი, 2022 • 659
ნარკოტიკული მოხმარების ზიანის შემცირებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით ორი პროექტი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული ორი პროექტის განხორციელება იწყება. პროექტები ორიენტირებულია სახელმწიფო სტრატეგიის, კანონმდებლობის სრულყოფისა და სისტემების გაძლიერების გზით ნარკოტიკების მოხმარების ზიანის შემცირებაზე.

“სამოქალაქო საზოგადოება აღდგენის უნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით” პრეზენტაცია დღეს, 14 ივლისს შედგა.

პროექტები 3 და 3.5 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში სხვადასხვა ორგანიზაცია იქნება ჩართული, მათ შორის, “ღია საზოგადოების ფონდი” და “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი”.

პროექტი “სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით” მოიცავს აქტივობებს სამართალდამცავი ორგანოების, საგანმანათლებლო სისტემის და შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების, ასევე, ჯანდაცვის სერვის პროვაიდერების და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.

“შემუშავდება ნივთიერების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგიები და ინტერვენციის მექანიზმები. გარდა ამისა, პროექტი გულისხმობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პოლიტიკის ცვლილების ადვოკატირებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თემატური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას”, – განმარტებულია პროექტის აღწერაში.

ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის თქმით, პროექტი ძირითადად 25 წლამდე ახალგაზრდებს შესთავაზებს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის, მოზარდობისას ფსიქიკური პრობლემებთან დაკავშირებული სერვისებს, რაც ჯავახიშვილის თქმით, შემდგომ ადიქციაში დიდ როლს თამაშობს:

“საჭიროა ჩარევა იმ ბავშვებთან, მოზარდებთან, ახალგაზრდებთან, ვინც ექსპერიმენტირებენ და არ აქვთ ჩამოყალიბებული სინდრომი, რომ არ ჩამოყალიბდეს ეს დაავადებად. უახლესი მტკიცებულებითი მიდგომებით, მეთოდებით მომუშავე 4 სერვისი ჩვენი პროექტის ფარგლებში უფასოდ მოემსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს. ეს არის ემოციური დარღვევები, ქცევითი პრობლემები და ექსპერიმენტირება”, – აცხადებს ჯავახიშვილი.

რაც შეეხება მეორე პროექტს, “სამოქალაქო საზოგადოება აღდგენის უნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის” ძირითადი მიმართულებებია:

  • დანაშაულისა და პრევენციის და ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმებისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება;
  • ფსიქოაქტიურ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის შესაძლებლობების გაზრდა;
  • ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროში ხარისხიანი განათლების ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა;
  • ქცევითი, ემოციური და ადიქციასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა;
  • მულტიდისციპლინური მომსახურების უზრუნველყოფა და ადვოკატირება ამ მომსახურების მდგრადობისთვის;
  • მცირე პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა დაუცველი თემის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ევროკავშირს წარმომადგენლის, ლალი ჩხეტიას განმარტებით, ეს ორი პროექტი სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი თანამშრომლობს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორთან. ჩხეტიას თქმით, პროგრამის მიზანი საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების და დაცულობის გაზრდაა.

“ამ პროექტებში ძალიან ბევრი ორგანიზაციაა ჩართული. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომები, რადგან რეალურად საჭიროების მქონე პირებს შესთავაზონ ისეთი სერვისი, რაც მუშაობს, რაც შედეგს გამოიღებს და არ გახდეს ექსპერიმენტის საკითხი ესა თუ ის მომსახურება. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი და ასევე იმედი გვაქვს, რომ ფართო დაფარვა პროექტებისა შეუწყობს ხელს მაქსიმალურ კოორდინაციას სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლებს შორის. აღინიშნა, რომ იქნება სხვა ორგანიზაციებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მოიცავს როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ისე სხვა ორგანიზაციების ჩართვით; და სახელმწიფოს დაეხმარება, რომ დაინახოს რეალურად რუკა სერვისის მიმწოდებლებს შორის და არჩევანი გააკეთოს”, – განმარტავს ჩხეტია.

ის იმედს გამოთქვამს, რომ პროექტების მეშვეობით გაძლიერდებიან სერვისების მიმწოდებლები, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მათ დაფინანსებაში ჩაერთოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი