აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ რუსული მხარის განცხადების შემდეგ ასევე გამოხატა პოზიცია ჟენევის დისკუსიების სხვა ქალაქში გადატანის შესახებ. ამასთან, როგორც არძინბა ამბობს, “პოლიტიკურად ნაკლებად ანგაჟირებული” ფორმატია საჭირო.
“ჟენევის დისკუსიები ამჟამად არა ჩვენი, არამედ საქართველოს და დასავლეთის ქვეყნების ინიციატივით არის შეჩერებული. ჩვენ ვთავაზობთ ჟენევის ფორმატის შეცვლას ნაკლებ ანგაჟირებულ ფორმატზე და იმ ქალაქში, სადაც ყველასთვის თანაბარი სამუშაო შესაძლებლობები და პირობები იქნება”, – განაცხადა არძიბნამ დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ახალ ელჩთან მიხეილ შურგალინთან შეხვედრისას.
რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, ჟენევის დისკუსიების განახლების პერსპექტივებზე ისაუბრა და პირობები წამოაყენა. -“შექმნილ პირობებში ობიექტურად დგება სხდომების ჟენევიდან ნეიტრალურ ადგილზე გადატანის საკითხი, რომელიც ყველა მონაწილისთვის მისაღები იქნება”.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს იყო დაგეგმილი, გადაიდო უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით. ამის მიუხედავად, თანათავმჯდომარეებმა უშუალო შეხვედრები გამართეს მხარეებთან თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.