ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვს “ჟენევის დისკუსიების” ჩატარება ჟენევაში აღარ სურს

21 ივნისი, 2022 • 1866
მოსკოვს “ჟენევის დისკუსიების” ჩატარება ჟენევაში აღარ სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, ჟენევის დისკუსიების განახლების პერსპექტივებზე ისაუბრა და პირობები წამოაყენა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს იყო დაგეგმილი, უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიდო. ამის მიუხედავად, თანათავმჯდომარეებმა უშუალო შეხვედრები გამართეს მხარეებთან თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

“შეხვედრისას, რუსეთის მხრიდან აღინიშნა აშშ-ის, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის დესტრუქციული ნაბიჯები, რაც სერიოზულად აფერხებს ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას. შექმნილ პირობებში ობიექტურად დგება სხდომების ჟენევიდან ნეიტრალურ ადგილზე გადატანის საკითხი, რომელიც ყველა მონაწილისთვის მისაღები იქნება.

ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასიაში უპირობო პრიორიტეტად უნდა დარჩეს ოფიციალური თბილისის მიერ ცხინვალთან და სოხუმთან ძალის არგამოუყენებლობის შეთნხმების გაფორმება, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის  პროცესის ჩაშვება მათი შემდგომი დემარკაციით. ამ პრინციპული საკითხების გადაწყვეტის გარეშე სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია”, – აცხადებს რუსული მხარე.

ჯერჯერობით,კვლავ უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრა ჟენევაში.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი