ახალი ამბები

სასამართლომ ბერძენიშვილისა და სამნიძის საქმეზე ბრალდებული გაათავისუფლა

13 ივლისი, 2022 • 903
სასამართლომ ბერძენიშვილისა და სამნიძის საქმეზე ბრალდებული გაათავისუფლა

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ირაკლი ხომასურიძე, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებოდა, სასამართლომ გაათავისუფლა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მისმა ადვოკატმა დაუდასტურა.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, “205-მა ადამიანმა მოაწერა ხელი [განცხადებას] მის გამოშვებასთან დაკავშირებით”, თუმცა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი იყო უშუალოდ დაზარალებულების, სამნიძისა და ბერძენიშვილის თანხმობა აღნიშნულზე.

“დაზარალებულების თანხმობა იყო, რომ პრობლემას არ წარმოადგენდა მისი[ხომასურიძის] გათავისუფლება”, — დასძინა კობაიძემ.

მისი ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახე — პატიმრობა — ხომასურიძეს 1 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

დავით ბერძენიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ გამოძიება გრძელდება და არ ფიქრობს, რომ ხომასურიძე უნდა გამართლდეს, თუმცა, როგორც თავად, ისე ხათუნა სამნიძე, ვერ ხედავდნენ მისი პატიმრობის საჭიროებას.

თავდასხმა სამნიძესა და ბერძენიშვილზე

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 6 ივნისს დაესხნენ თავს. დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თავდამსხმელებმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.

“მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენ წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აჰყევით. მე ვუთხარი, ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე, აქ ვერ გაივლითო, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ხათუნა სამნიძე ჰყვებოდა, რომ იყო რეპლიკები, როგორიცაა “ქალაქში თქვენ მარტო ვერ გაივლით, დაცვის გარეშე… ნახეთ, რას გიზამთ… თქვენ ხართ ამ ქვეყნის მოღალატეები და ა.შ.”

“მე ვიგრძენი სერიოზული საფრთხე, რომ რაღაც მოხდებოდა და ფიზიკურად დაგვაზიანებდნენ, ისეთი ძალადობა იყო“, – ამბობდა სამნიძე.

თავდასხმას წინ უძღოდა ერეკლე მეორესთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, პუბლიცისტ ლევან ბერძენიშვილის განცხადების რამდენიმეკვირიანი განხილვა. მან ერთ-ერთ იუტუბ-არხთან ინტერვიუში თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა, რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც, – კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) ჰქონდა წარდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი