ახალი ამბები

რატომ იმეორებენ „ოცნების“ ლიდერები დეზინფორმაციას? – კელი დეგნანი

8 ივლისი, 2022 • 1195
რატომ იმეორებენ „ოცნების“ ლიდერები დეზინფორმაციას? – კელი დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, პარტიის სამი ყოფილი დეპუტატის მსგავსად, იმეორებენ დეზინფორმაციას, თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს.

მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს გაავრცელა კიდევ ერთი წერილი, სადაც ის კელი დეგნანს მიმართავს, რომ „ომში ჩართვის ნარატივი“ არა „ეფ-ეს-ბედან“, არამედ აშშ-სგან დაფინანსებული ადამიანებისგან მოდის.

„ეს წერილი იმდენად სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით, რომ ბოლოშიც კი ვერ გავედი. ძალიან უცნაური იყო… მას [ყაველაშვილს] არ ესმის, რომ აშშ აქ არის ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიის, ერთი ან მეორე მხარის, მხარდასაჭერად. აშშ აქ არის, რათა მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი, რომელიც მოქალაქეთა უფლებებს იცავს, და საშიშია, როდესაც ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„კიდევ ერთხელ, გარკვევით განვაცხადებ: აშშ-ს არ სურს საქართველოს ომში ჩათრევა… ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ომი შეჩერდეს, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის ყველასთან, ვისაც სურს ჩვენთან ერთად იმუშაოს მშვიდობისთვის, და ვცდილობთ, ასეთი [აქტორები] გვყავდეს გვერდით“, – განაცხადა მან…

ელჩი ამბობს, რომ დარწმუნებულია, „პრემიერ-მინისტრმა [ირაკლი ღარიბაშვილმა] მადრიდში ნატოს სამიტზე დაინახა, თუ როგორ ცდილობს მსოფლიო უკრაინის წინააღმდეგ პუტინის წამოწყებული ომის შეჩერებას“…

„ჩემთვის უცნაურია, – მაგრამ ალბათ, ასე არ უნდა იყოს, – რომ ამ, როგორც ამბობენ, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების ნარატივი დიდი სიზუსტით ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის ნარატივს, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია. რა მოტივით აგრძელებენ ისეთი რამის გამეორებას, რაც უკვე დადასტურდა, რომ სიცრუე და დეზინფორმაციაა? ეს არის ჩემი შეკითხვა“, – განაცხადა კელი დეგნანმა…


„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა — დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გაჯერებულია ანტიდასავლური კონსპირაციით, თითქოს, „დიდ ძალებს“ საქართველოს ომში ჩართვა სურთ.

ამ სცენარში, დეპუტატების განცხადებით, ქართულ ოპოზიციასთან ერთად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობს.

განცხადებაში სამეული აღნიშნავს, რომ მოვლენების შესახებ მათი და „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა ლიდერებისა და წევრების შეფასებები სრულად ემთხვევა ერთმანეთს და ვერ თანხმდებიან მხოლოდ ერთზე — რა დოზით უთხრან სიმართლე საზოგადოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი