მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა.  ის პოსტზე გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება.
„საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო“, – წერია ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კიკილაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, 2023 წლის 17 ოქტომბერს აირჩიეს. „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებდა, რომ გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.
„კომენტარიც არ არის საჭირო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რა სწრაფად მიიღო სარგებელი ამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის მოსამართლის შვილმა, ხვდებით, ხომ?“ – წერდა სოციალურ ქსელში ნაზი ჯანეზაშვილი.
იხილეთ: