პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ანრი ოხანაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის დატოვების მოთხოვნა „მტკნარი აბსურდია“.
მისი თქმით, ანრი ოხანაშვილსა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარი ინციდენტი ისე არ უნდა წარმოაჩინონ, რომ ვინმე ვინმეს თავს დაესხა. მისი თქმით, ოხანაშვილს „ნერვებმა უმტყუნა“.
„ასე ნუ წარმოვაჩენთ სიტუაციას და ნუ შევეცდებით, რომ მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია შევთავაზოთ. იქ მოხდა მძიმე პროვოკაცია, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია კონფლიქტი. ამ მძიმე შეურაცხყოფას მოჰყვა შელაპარაკება, შეგვიძლია დავარქვათ, რომ ნერვებმა უმტყუნა ადამიანს, ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს. ეს არის და ეს, რაც მოხდა, ამის წარმოჩენა, რომ ვინმე ვინმეს გაუფრთხილებლად მივარდა და მასზე იძალადა, არც ლოგიკურია და არც დამაჯერებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ 30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.
თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ წერეთლის „უბინძურეს პროვოკაციას“ პროპორციულად“ უპასუხა. მისი თქმით, იმას, რაც წერეთელმა იკადრა, „არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა“.
„მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, მაგრამ ეს გასცდა ყოველგვარ საზღვარს და, შესაბამისად, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი. არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს, ეს იყო პროპორციული პასუხი. ჩემი მხრიდან არ მომხდარა არც ღირსების შემლახველი და არც არაადეკვატური პასუხი. ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ოხანაშვილი ამბობს, რომ გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო წერეთელი.
„იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა, ჩაიტაროს ექსპერტიზა“, – განაცხადა ოხანაშავილმა.
- აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე „ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ – ვატო წერეთელი
- პროვოკაციაზე მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა – ოხანაშვილი წერეთელზე
- მე და ვატო მოვდიოდით, როცა 4 დეპუტატი მოვიდა; ხელს ურტყამდნენ – თვითმხილველი
- ვსწავლობთ ამ ინფორმაციას – აშშ-ს საელჩო წერეთლისა და დეპუტატების დაპირისპირებაზე