ახალი ამბები

მე და ვატო მოვდიოდით, როცა 4 დეპუტატი მოვიდა; ხელს ურტყამდნენ – თვითმხილველი

30 ივნისი, 2022 • 1249
მე და ვატო მოვდიოდით, როცა 4 დეპუტატი მოვიდა; ხელს ურტყამდნენ – თვითმხილველი

„ტვ პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც აშშ-ის საელჩოში ვატო წერეთელს თან ახლდა, მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ანრი ოხანაშვილი იყო პირველი, ვინც წერეთელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ნეტგაზეთთან საუბარში ის ჰყვება:

„ვიყავით საელჩოს ტერიტორიაზე, შესასვლელის პირდაპირ. ეს მიღება მარჯვენა მხარეს იყო მოწყობილი, ჩვენ კი ოდნავ მარცხნივ ვიყავით, მოსაწევი ტერიტორიიდან ვბრუნდებოდით. მე და ვატო მოვდიოდით და უცბად ეს 4 პარლამენტარი [ოხანაშვილი, მგალობლიშვილი, ზარქუა და ოდიშარია] ჯიქურ მოვიდნენ.. ოხანაშვილმა მას ძალიან აგრესიულად მიმართა, კარგად ვერ გავიგე, რა და უცბად ჩაარტყა სახეში. მერე ოდიშარია ჩადგა, თითქოს გაშველება უნდოდა, რას აკეთებ-მეთქი, ვთქვი, ზარქუა კი იგინებოდა. იქვე იყო მგალობლიშვილი, რომელმაც უცბად მოუქნია ხელი და ჩაარტყა გამეტებით.

ეს ყველაფერი მოხდა წამებში, მოვიდა დაცვა, პარლამენტარებმა კი სასწრაფო წესით დატოვეს ის ადგილი. ოხანაშვილმაც და მგალობლიშვილმაც ვატოს დაარტყეს ჩემ თვალწინ. გვერდზე ვედექი. ეს იყო წარმოუდგენელი რამ, არც ვიცი, რა ვთქვა“, – აცხადებს ნანა აბურჯანიძე.

აბურჯანიძე ამბობს, რომ გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.

„მგალობლიშვილმა რომ მოუქნია ვატოს, მეც მომხვდა ცოტათი და მერე ჭიქა ესროლა ვატომ, ამ ჭიქის ნამსხვრევები მომხვდა ცოტა, თუმცა მე დაზიანებები არ აღმენიშნება. უბრალოდ, ამ ორომტრიალში აღმოვჩნდი, ვატოს ურტყამდნენ.. იქ ვიდექი, გვერდზე, ჩავერთე, ხალხნო, რას აკეთებთ-მეთქი. ესენი კი იგინებოდნენ, ხელს ურტყამდნენ“, – იხსენებს ის.

ვატო წერეთლის განცხადების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ თავად წერეთელმა „უბინძურესი პროვოკაცია“ მოუწყო. ჩვენ ვკითხეთ აბურჯანიძეს, რას შეიძლება გულისხმობდეს ოხანაშვილი და ჰქონდა თუ არა წერეთლის მხრიდან ადგილი შეურაცხყოფას, თუნდაც, გინებას.

„არ ვიცი, რაზეა საუბარი, იმ მომენტში რასაც შევესწარი, აქეთ ხელს ურტყამდნენ, სცემდნენ და აგინებდნენ, ვერ წარმომიდგენია, რა იყო მაპროვოცირებელი. რაც არ მინახავს და არ ვიცი, ვერ ვიტყვი. რაც ვიცი, არის ის, რომ 4 კაცი მოვარდა ვატოს, სცემეს მას და უშვერი სიტყვებით მიმართავდნენ. ამერიკის საელჩოში ეს რომ ხდება, წარმოდგენა რთულია, თუ რა ხდება გარეთ“, – განმარტავს ნანა აბურჯანიძე.

მისივე თქმით, საქმეში უკვე ჩაერთო მათი იურისტი.


„ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა,“.

წაიკითხეთ ვრცლად:

გარეკანი ფოტო: ტვ პირველი

მასალების გადაბეჭდვის წესი