საზოგადოება

აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ – ვატო წერეთელი

30 ივნისი, 2022 • 2005
აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ – ვატო წერეთელი

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

მისი თქმით, შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც იქ სპეციალური მიღება იმართებოდა. წერეთელი ასევე აცხადებს, რომ შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს.

„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. მივმართავ კელი დეგნანს, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ადამიანის წინააღმდეგ, ჩემ წინააღმდეგ. კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, თუ როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს“, – აცხადებს ეს.

„ჩემკენ დაიძრა ანრი ოხანაშვილი, რომელსაც მოჰყვა [ირაკლი] ზარქუა, ასევე, ბექა ოდიშარია და მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას მოგიწყობს, ხომ თავი უნდა მოიკლა…ხელი მომიქნია სახეში, მერე სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, სახეში მომხვდა ორივე“, – იხსენებს ვატო წერეთელი და ამბობს, რომ ელჩი „ალბათ 50 მეტრში იყო“.

წერეთელი აცხადებს, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, რაღაც მომენტში კი მას ესროლეს ჭიქაც.

განახლება: თავად ანრი ოხანაშვილმა რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა,“.

პროვოკაციაზე მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა – ოხანაშვილი წერეთელზე

მასალების გადაბეჭდვის წესი