ახალი ამბები

პროვოკაციაზე მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა – ოხანაშვილი წერეთელზე

30 ივნისი, 2022 • 1060
პროვოკაციაზე მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა – ოხანაშვილი წერეთელზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელმა „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა“.

მანამდე, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მათ შორის – ანრი ოხანაშვილი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში ოხანაშვილი ადასტურებს ფიზიკურ დაპირისპირებას, ამბობს, რომ იყო მცირე შეხლა-შემოხლა და აცხადებს, რომ მას მოუწყვეს „უბინძურესი პროვოკაცია“.

„უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი წერეთლის მხრიდან, ამერიკელებთან და სხვა კოლეგებთან მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, 2 სიტყვით რაღაცის თქმა სურდა და უბინძურესი პროვოკაცია მომიწყო. ქართველი კაცისთვის ეს იყო აუტანელი სრულად.

სწრაფი ნაბიჯით გაიქცა, მინდოდა მეკითხა, რატომ მოიქცა ასე… იყო პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა. საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა“, – ამბობს ის.

ოხანაშვილი აცხადებს, რომ ადგილზე კამერები იყო და „იმედია, აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე“.

ნეტგაზეთი თავად ცდილობს ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებას.

ნახეთ ვრცლად:

აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ – ვატო წერეთელი

მასალების გადაბეჭდვის წესი