ახალი ამბები

სტრასბურგში მოსმენების საქმეზე პირველი საჩივრები გაგზავნეს

29 ივნისი, 2022 • 540
სტრასბურგში მოსმენების საქმეზე პირველი საჩივრები გაგზავნეს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) და „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ (TI) იუწყებიან, რომ 28 ივნისს ევროპულ სასამართლოში წარადგინეს პირველი საჩივრები 2021 წელს იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე.

მომჩივანები არიან: დავით ჯანდიერი (იურისტი), ნატა ფერაძე (აქტივისტი, „პარტიზანული მებაღეობა“, „ტალღა“), გიორგი ონიანი (TI), გიორგი მშვენიერაძე (იურისტი, GDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი) და გურამ იმნაძე („სოციალური სამართლიანობის ცენტრი“).

„გამჭვირვალობის“ თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წინამდებარე საქმის მთავარ მიზანი არის საქართველოში ფარული მოსმენა-მიყურადების კანონმდებლობის კონვენციურ სტანდარტთან შეუსაბამობის გასაჩივრება.

საუბარია 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური, სავარაუდოდ, უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის პრაქტიკაზე.

კერძოდ, ამ პერიოდში უცნობმა წყარომ მედიასაშუალებებს მიაწოდა დაახლოებით 58 000-მდე ფაილი, სადაც აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია.

გავრცელებულ ფაილებში არსებული ინფორმაციის ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა დაადასტურა, მათ შორის, მომჩივანებმაც.

„ხაზგასასმელია, რომ 2021 წლის 01 აგვისტოსა და 13 სექტემბრის ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიების არსებობა ამ კანონმდებლობისა და პრაქტიკის კიდევ ერთი უარყოფითი მაგალითია, რომელიც, ასევე, საჩივრის ერთ-ერთი სადავო საკითხია“, – აცხადებს TI.

კერძოდ, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ამ დრომდე თბილისის პროკურატურას არ მიუნიჭებია პირებისთვის დაზარალებულის სტატუსი, ხოლო, გენერალური პროკურატურა, მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვისა, ამ დრომდე უმოქმედოა.

„2021 წლის სექტემბრიდან 8 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური დანაშაულის გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი დასჯის ინტერესი სახელმწიფოს არ ამოძრავებს. ნიშანდობლივია, რომ მომჩივანთა მიერ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან გაგზავნილი წერილები უპასუხოდ რჩება, ან მათზე პასუხი იმგვარად არ არის გაცემული, რაც დაზარალებულებს მიმდინარე საგამოძიებო პროცესის პროგრესის შესახებ რაიმე მტკიცებულებას მისცემდა. ხაზგასასმელია, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელს უწყობს პოლიციური სისტემის მიერ ტოტალური მიყურადებას, მათ შორის, იმ გზით, რომ დღემდე არ ანიჭებს შესაბამის პირებს დაზარალებულის სტატუსს, რაც საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

TI მიუთითებს იმასაც, რომ საჩივარში დასმული პრობლემები ევროპარლამენტის 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაშიც აისახა, სადაც ევროპარლამენტი, სხვა მოთხოვნათა შორის, ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართელო“ აცხადებს, საჩივრებში დავის საგანს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშაულების უფლება) დარღვევა წარმოადგენს.

საჩივრებში ასევე მოთხოვნილია, რომ წინამდებარე საქმეს მიენიჭოს ე.წ. ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი (‘IMPACT CASE’), ხოლო სასამართლომ დაავალდებულოს სახელმწიფო, სრულად და ჯეროვნად წარუდგინოს საგამოძიებო მასალები.

„წინამდებარე საქმის წარმატებული წარმოება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ქართულ კანონმდებლობაში და შექმნის ძლიერ გარანტიებს ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებას და შეასუსტებს პოლიციურ რეჟიმს, რომელიც უკვე წლებია სწორედ ფარული მოსმენების საშუალებით ყოველდღიურად არღვევს მრავალი ადამიანის უფლებას“, – აცხადებს TI.

ვრცლად ამ თემაზე:

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი