ახალი ამბები

კვლავ გამოიკვეთა ქვეყანაში მასობრივი კონტროლის პრაქტიკა – არასამთავრობოები

2 აგვისტო, 2021 • 896
კვლავ გამოიკვეთა ქვეყანაში მასობრივი კონტროლის პრაქტიკა – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში გასული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლის და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხელთ აქვს დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლებიც აღწერს სხვადასხვა პირზე, – მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, ჟურნალისტებზე, საელჩოების თანამშრომლებზე, ბიზნესმენებზე, სასულიერო პირებზე და ა.შ., – თვალთვალის შესახებ ინფორმაციას.

გვარამიას თანახმად, აღნიშნული ჩანაწერებიდან (როგორც თავად უწოდა – კრებსებიდან), რომლებიც 2020 წლით თარიღდება, ირკვევა, რომ სუსი, სავარაუდოდ, უკანონოდ მოიპოვებს ინფორმაციას ამ ადამიანების პირადი ცხოვრების, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის, შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ტელეეთერში გასულმა მასალამ „განამტკიცა საზოგადოებაში უკვე არსებული ეჭვები ქვეყანაში ადამიანის კერძო სფეროში უკანონოდ ჩარევის მძიმე პრაქტიკის არსებობის თაობაზე, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო უკანონოდ განხორციელებული ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ“.

ამასთან, გვარამიას მიერ დასახელებული პირები, – სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები – გიორგი ონიანი, გურამ იმნაძე და გიორგი მშვენიერაძე –  ადასტურებენ გადაცემაში განხილული ერთ-ერთი კომუნიკაციის ნამდვილობას, რომელიც შეეხებოდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის დაბარებას უსაფრთხოების სამსახურში. ამასთან, ეთერში გასული სხვა ინფორმაციის ნამდვილობას ასევე ადასტურებს „რადიო თავისუფლების“ გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე.

„გუშინ მედიაში გასული ინფორმაცია კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არცერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელები“, – წერია ორგანიზაციების მიერ 2 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

„ფრაგმენტული რეფორმების, ფიქტიური სასამართლოსა და სუსტი საპარლამენტო ანგარიშვალდებულების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ჭარბი უფლებამოსილებით და მძლავრი ბერკეტებით, მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა ქვეყნაში. შემაშფოთებელია ისიც, რომ პარლამენტი განაგრძობს სუს-ის ოპერატიულ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და ამაზე მიუთითებს ინფორმაციული უსაფრთხოების კანონში განხორციელებული ცვლილებები.

არაერთი მცდელობის, ფართომასშტაბიანი კამპანიების მიუხედავად, სახელმწიფომ დღემდე ვერ აიღო პასუხისმგელობა სამსახურის და მის ფარგლებში არსებული კონტროლის ინსტრუმენტების ფუნდამენტურ რეფორმაზე, მოსმენა-მეთვალყურების მექანიზმების გადახედვაზე, ამ პროცესის დემოკრატიულ რეჟიმში მოქცევაზე. ამ რეფორმის ჩაგდებით სახელმწიფომ ლეგიტიმაცია მისცა უწყების ფარგლებში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის ხარჯზე, მასობრივი მოსმენების და კონტროლის ფუნქციას.

ოკუპაციის, შიდა და საგარეო საფრთხეების სიჭარბის მიუხედავად, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი სახელმწიფოსათვის პოლიტიკურად საინტერესო კონკრეტული ჯგუფების კონტროლზე იხარჯება და არ ხდება სამსახურის რესურსების მობილიზება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების იდენტიფიცირების, მათზე რეაგირების მიზნით.

მყიფე დემოკრატიის, მძიმე პოლიტიკური კრიზისების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყანაში მკაცრად პოლიტიზირებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად, რომელიც კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტით ცდილობს. ქვეყანაში სუსტია სამსახურის უკანონო საქმიანობაზე რეაგირების მექანიზმები. მოქალაქეების შესაძლო უკანონო კონტროლის და მეთვალყურეობის საქმეების გამოუძიებლობასთან ერთად, ქვეყანაში არ არსებობს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობის ინსტრუმენტები. ფიქციურია სასამართლო კონტროლის მექანიზმები, ხოლო საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტები იშვიათ შემთხვევაში იწვევს პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს უწყებას, დაუსჯელად, ყოველავარი ანგარიშვალდებულების გარეშე აკონტროლოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნებისმიერი სფერო“, – წერენ ორგანიზაციები.

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მოუწოდებენ, სწრაფად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები;  ამავე დროს, პარლამენტს მოუწოდებენ, „აიღოს პასუხისმგებლობა უწყების კონტროლზე და დაიწყოს უსაფრთხოების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმაზე მსჯელობა“, რაც, მათ თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა მოცემულ ვითარებაში და არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში საზოგადოებას არ აქვს ნდობა, რომ სახელმწიფო სათანადოდ და ობიექტურად გამოიძიებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ყველა შესაძლო ფაქტს.

ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, „დროულად განიხილოს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2015 წელს წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი მოსამართლის ნებართვის გარეშე ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისა და ფარული ფოტო/ვიდეო/აუდოგადაღების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ასევე, 2017 წელს 326 მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ითხოვს ფარული მიყურადების არსებული ინფრასტრუქტურისა და სისტემის კონსტიტუციურ ფარგლებში მოქცევას“.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • უფლებები საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ღია საზოგადოების ფონდი

მასალების გადაბეჭდვის წესი