სამართალი

„სუსის კრებსები” – მანანა კობახიძემ პროკურატურას მიმართა

29 ივნისი, 2022 • 2738
„სუსის კრებსები” – მანანა კობახიძემ პროკურატურას მიმართა

„ფორმულას“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსებში მოხვედრის შემდეგ საგამოძიებო უწყებას მიმართა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა. კობახიძე პროკურატურაში უკვე გამოიკითხა.

„დაკითხული ვარ პროკურატურაში, დიახ. ჩემი ინიციატივით მივმართე [საგამოძიებო უწყებას] და, რამდენადაც მახსოვს, დაზარალებულის სტატუსი მოვითხოვე“, — განუცხადა „ფორმულას“ კობახიძემ.

სავარაუდოდ, სუს-იდან 2021 წელს გაჟონილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბრებიც მოხვდა პრეზერვატივების კომპანია „აიისას“ სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობდა.

მანანა კობახიძის თქმით, ის იცნობს გიორგი ზვიადაძეს და ჰქონია მასთან კომუნიკაცია, თუმცა არ ადასტურებს ფაილებში არსებული საუბრის ავთენტურობას. კითხვაზე, მაშინ რატომ ფიქრობს, რომ დაზარალებულია, კობახიძე პასუხობს:

„კომუნიკაციის არსებობის ფაქტმა გამიჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა, ვინმე ამ საუბარს ისმენდა და მქონდა ლეგიტიმური ინტერესი, რომ ეს საკითხები გამორკვეულიყო“.

2021 წლის სექტემბერში ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი. არაერთმა ჟურნალისტმა ფაილებში თავისი საუბრები ამოიცნო რესპონდენტებთან და სხვებთან. ფაილებში ფიგურირებს ცნობები პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია “აიისას” სარჩელთან დაკავშირებით პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს შორის გამართული საუბრის შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

მანანა კობახიძე 2012-13 წლებში იყო „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. 2012-2017 წლებში იყო საქართველოს მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, 2017 წლის 8 თებერვალს კი არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

ამ თემაზე:

ზვიადაძე კობახიძესთან “აიისას” საქმეზე საუბარს ადასტურებს, იურიდიულ კონსულტაციას — არა

მასალების გადაბეჭდვის წესი