ახალი ამბები

ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კობახიძეს

28 ივნისი, 2022 • 1876
ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კობახიძეს

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი  ტომას ჰენდრიკ ილვესი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ ევროპას მისთვის ადგილი არ აქვს.

ასე გამოეხმაურა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი კობახიძის ბრალდებებს შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, კარლ ბილდტის მიმართ. კობახიძის განცხადებით, კარლ ბილდტი „ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია“.

„როდესაც ორმოში ხარ, შეწყვიტე თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთისკენ სვლა. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს“, – ასე მიმართავს კობახიძეს ტვიტერზე ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.


თავდაპირველად კარლ ბილდტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას ისაუბრა და საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტიდან მოსყიდულ ლობისტებს შორის დაასახელა.

“კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით“, – მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.

კარლ ბილდტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ტვიტერზე უპასუხა.

“ეს ტიპი – საქართველოს პრემიერ მინისტრზე ვსაუბრობ – გამოუსწორებელია. პარლამენტში სიტყვით გამოსვლიასას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოსთვის მილიონების მოპარვაში ცხადყოფს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის არის ტრაგედია ძალიან კარგი ქვეყნისთვის”, – წერს ბილდტი.

ირაკლი კობახიძის თქმით კი, კარლ ბილდტი, რომელმაც ღარიბაშვილს „რელსებიდან გადასული“ უწოდა, „აიჭრა“.

სწორედ კარლ ბილდტია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ერთ-ერთი ინიციატორი. ეს არის ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატი მის აღმოსავლეთ მეზობელ 6 ქვეყნასთან – საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და უკრაინასთან-  რომლის დეკლარირებული მიზანია პოლიტიკური კავშირისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, თუმცა ეს არ არის ევროკავშირში გაწევრიანების ჩარჩო.

მასალების გადაბეჭდვის წესი