ახალი ამბები

არ ვიბრძვით სკამებისთვის – დიღმელაშვილი “ეროვნული თანხმობის მთავრობაზე”

25 ივნისი, 2022 • 1254
არ ვიბრძვით სკამებისთვის – დიღმელაშვილი “ეროვნული თანხმობის მთავრობაზე”

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი გუშინ, 24 ივნისს, აქციაზე გაჟღერებულ ეროვნული თანხმობის მთავრობის იდეის კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ იდეის ავტორები “სკამებისთვის არ იბრძვიან”. ამის შესახებ დიღმელაშვილმა განცხადება დღეს, 25 ივნისს გაავრცელა.

მისი განმარტებით, გუშინ აქციაზე გაჟღერებულმა ინიციატივამ “ძალაუფლების პრეტენდენტთა შორის” გარკვეული ეჭვები გამოიწვია:

“ეროვნული ერთობის მთავრობის მოთხოვნამ გარკვეული ეჭვიანობა გამოიწვია ძალაუფლების პრეტენდენტთა შორის, ამიტომ ხაზი უნდა გაესვას, რომ არცერთი ადამიანი, ვინც საერთო სახალხო მოძრაობის სახელით საზოგადოებას ვესაუბრებით, არ ვიბრძვით სკამებისთვის”, – აცხადებს დიღმელაშვილი.

მისი თქმით, პოლარიზაციის დასაძლევად ეროვნული თანხმობის მთავრობის წევრები სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კონსენსუსით შეირჩევიან და მასში მოქმედი პოლიტიკოსები არ უნდა შევიდნენ.

“ეროვნული ერთობის მთავრობა უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების დროებითი ერთობა, შექმნილი ერთადერთი მიზნით – მშვიდობიანად და აუცილებელი რეფორმებით ატაროს ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელი ვადის მანძილზე”, – ნათქვამია დიღმელაშვილის განცხადებაში.


აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა გუშინ, 24 ივნისს, გამართულ მასშტაბურ აქციაზე წამოაყენეს მთავარი მოთხოვნა – ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, თუ არ გადადგება მთავრობა. ასევე, დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი