საზოგადოება

ეროვნული თანხმობის ტექნიკური მთავრობა — რას ნიშნავს ეს?

27 ივნისი, 2022 • 2391
ეროვნული თანხმობის ტექნიკური მთავრობა — რას ნიშნავს ეს?

„გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს“, — ასეთია 20 და 24 ივნისს თბილისში გამართული მასშტაბური აქციების ორგანიზატორების მოთხოვნა.

„სირცხვილიას“ მიერ მორიგი აქცია 3 ივლისს არის დაანონსებული, „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა ანტიკონსტიტუციურია და მას სერიოზულად არ განიხილავენ.

რა არის ტექნიკური მთავრობა?

ტექნიკურ, იმავე ტექნოკრატიულ მთავრობაში მმართველი თანამდებობების პირები შეირჩევიან სპეციალიზებული ცოდნისა და საქმიანობის საფუძველზე, კვალიფიკაციის მიხედვით და არა — პოლიტიკური კუთვნილებით, წარმომადგენლობითი დემოკრატიის გზით. ექსპერტებისგან შემდგარი მთავრობის დაკომპლექტება დღის წესრიგში შეიძლება დადგეს კონკრეტულ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ვითარებაში, რომელსაც პარტიული სისტემა ვერ/არ უმკლავდება. უახლეს ისტორიაში იტალიას ჰყავდა რამდენიმე ტექნოკრატიული მთავრობა, მათ შორის, ეკონომისტ მარიო მონტის ხელმძღვანელობით. ტექნოკრატიული მთავრობების მაგალითადაა მიჩნეული საბერძნეთის მთავრობა 2011-2012 წლებში. ასევე, 2013 წლის დეკემბერში, ეროვნული დიალოგის ფარგლებში, ტუნისის პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაზე მეჰდი ჯომაას ხელმძღვანელობით.

„ტექნიკური მთავრობა არის სრულიად ლეგიტიმური, აპრობირებული მეთოდი, რომელსაც იყენებენ ხოლმე პოლიტიკური კრიზისების დროს“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

მისი თქმით, ტექნიკური მთავრობის ამოცანაა, რომ შეასრულოს კონკრეტული დავალება, რომელსაც მიიღებენ პოლიტიკური კრიზისის დროს.

„არსებობს მთავრობის სამი ტიპი: უმრავლესობის მთავრობა, უმცირესობის მთავრობა და ტექნიკური მთავრობა. უმრავლესობის მთავრობა არის ისეთი მთავრობა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა აკომპლექტებს. უმცირესობის მთავრობას აკომპლექტებს — არა არჩევნებში პირველ ადგილზე გასული, არამედ სხვა პარტიები. ტექნიკური მთავრობა არის მთავრობა, რომელშიც პარტიული მინისტრები არ შედიან. მინისტრები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. ტექნიკურ მთავრობას ნდობას უცხადებს პარლამენტი იმავე პროცედურით, რა პროცედურითაც ინიშნება ჩვეულებრივი უმრავლესობის მთავრობა. არაფერი ანტიკონსტიტუციური აქ არ არის. განსხვავება უბრალოდ ის არის, რომ უმრავლესობის მთავრობაში შედიან პოლიტიკოსები, უმრავლესობის წევრები, ტექნიკურ მთავრობაში კი შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები“, — ამბობს მენაბდე.

ვახუშტი მენაბდე არ არის „სირცხვილიას“ წევრი და „შინ ევროპისკენ“ აქციების ორგანიზატორი, თუმცა მხარს უჭერს ტექნიკური მთავრობის იდეას, მიიჩნევს რა, რომ ეს არის საარჩევნო ბარიერის დაწევის, საარჩევნო ადმინისტრაციის შეთანხმებით დაკომპლექტების, სასამართლოს კლანისგან გამოგლეჯისა და არაპოლიტიზებული პროკურატურის საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზა.

ვახუშტი მენაბდე; ფოტო: EMC

ვახუშტი მენაბდის წარმოდგენით, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის, აქციების ორგანიზატორების) ჩართულობა ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაში შესაძლებელია, თუმცა მთავარი შეთანხმება უნდა მოხდეს პარლამენტში მმართველი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის.

ეროვნული თანხმობის მთავრობა „სირცხვილიას“ წარმოდგენით

„სირცხვილიას“ წევრის, შოთა დიღმელაშვილის აზრით, შექმნილ ვითარებაში, როდესაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეროვნული თანხმობის მთავრობა არის ოპტიმალური გადაწყვეტილება, რადგან ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ორს — დეპოლარიზაციას და დეოლიგარქიზაციას — ავტომატურად აგვარებს.

„ეს უნდა იყოს მხოლოდ დარგობრივი ექსპერტებით დაკომპლექტებული ტექნოკრატიული მთავრობა, რომლის ერთადერთ ფუნქცია იქნება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის ხედვით, დეპოლარიზაციის მოთხოვნას ტექნოკრატიული მთავრობა პასუხობს იმით, რომ მინისტრები საერთო კონსენსუსის გზით შეირჩევიან, ხოლო დეოლიგარქიზაცია ნაწილობრივ სრულდება იმით, რომ ოლიგარქი აღმასრულებელ მთავრობაზე წვდომას კარგავს.

„დაახლოებით წარმოგვიდგენია, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ბევრნაირი მოდელი შეიძლება იყოს. მაგალითად, თანაბარი რაოდენობის დელეგატები გამოიყოს სამოქალაქო საზოგადოებიდან, სახელისუფლებო პარტიიდან და ოპოზიციიდან და კანდიდატები შეარჩიონ პროფესიული ნიშნით. ტექნოკრატიული მთავრობა სრულიად შეესაბამება კანონს, რადგან პარლამენტის გავლით ხდება მთავრობის დამტკიცება. უფრო მეტი ლეგიტიმაციაც ექნება, ვიდრე ამჟამინდელ მთავრობას, რომლის ბევრი წევრი არც ყოფილა საარჩევნო სიაში. ეს იქნება „ოცნების“ მთავრობაც, თუმცა, არა მხოლოდ მისი“, — ამბობს დიღმელაშვილი.

დიღმელაშვილის თქმით, ტექნოკრატიულ მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ არც პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და არც ისინი, ვინც ამ მთავრობის შექმნას ითხოვენ, „სირცხვილიას“ და „შინ ევროპისკენ“ აქციების სპიკერების ჩათვლით.

რა ვადით იქმნება ტექნიკური მთავრობა?

ევროკომისიის რეკომენდაციების გატარება, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, სასამართლო რეფორმის დაწყება და, საბოლოო ჯამში, მომდევნო არჩევნებამდე (რომელიც, ამავდროულად, შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნებიც) ქვეყნის მშვიდობიანად მიყვანა, — ეს არის ის ფუნქციები, რომელიც დიღმელაშვილის აზრით, ტექნიკურმა მთავრობამ უნდა შეასრულოს.

შოთა დიღმელაშვილი

ვინაიდან ტექნიკურ მთავრობაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, დიღმელაშვილის აზრით, მისი ფუნქციონირების ვადები სჯობს, ღია საკითხად დარჩეს.

„ჩემი პირადი აზრია, რომ მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და ცესკოს რეფორმა ჩატარდება, დიდი აზრი არ აქვს ტექნიკურ მთავრობას, თუმცა შეიძლება სხვა გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, — ამბობს იგი.

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, ტექნიკური მთავრობა, როგორც წესი, დროებითია და ამოცანის შესრულების შემდეგ იშლება. ეს ვადები, მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების დაკმაყოფილების მიზანს უნდა მიებას.

„მნიშვნელოვანი რა არის ამ ტექნიკური მთავრობის დროს? პარლამენტში უმრავლესობა ისევ „ოცნება“ იქნება, თუ არ დაიშალნენ; ხელისუფლების ცვლილება კი არ ხდება, უბრალოდ ამოცანა შესრულდება და მერე მთავრობა გადადგება და დაუბრუნებს ძალაუფლებას „ქართულ ოცნებას“, — განმარტავს მენაბდე.

„გადაგდების რისკი“

ეროვნული თანხმობის ნიადაგზე ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა აუცილებლად გულისხმობს მმართველ პარტიასთან თანხმობას და მთავრობის ლეგიტიმაციას მოქმედი პარლამენტის გავლით. თუმცა შეიძლება კითხვა დავსვათ ამგვარად, თუ ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებული რეფორმების გატარების მზაობა გააჩნია, დამოუკიდებლად რატომ არ გააკეთებს ამას და რატომ დაუთმობს მთავრობას ტექნოკრატებს? ან რა გარანტიაა, რომ ტექნოკრატიული მთავრობაზე თანხმობის შემთხვევაშიც, არ ჩააგდებს გასატარებელ რეფორმებს საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შემთხვევაში გააკეთა?

„სირცხვილიას“ აზრით, „ოცნებასთან“ კონსენსუსით დანიშნული მთავრობის შემთხვევაშიც არსებობს „ქართული ოცნების“ მხრიდან „გადაგდების რისკი“, თუმცა შიდა და საერთაშორისო წნეხი და მთავრობაზე ოლიგარქიის პირდაპირი გავლენის შემცირება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

„ოცნებას“ რომ უფრო გაუჭირდება ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობა ტექნიკური მთავრობის პირობებში, იზიარებს ვახუშტი მენაბდეს.

„ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, რომ „ოცნებას“ ვერ ენდობი. ისინი რაღაცას გვპირდებიან და მერე შუა გზაში გადაგაგდებენ ხოლმე. მოქალაქეები გადაგვაგდეს პროპორციულზე, ოპოზიცია — არაერთხელ, ბოლოს შარლ მიშელიც გადააგდეს. დაზღვეულები არ ვართ, რომ დღეს და ხვალაც ასე არ მოიქცევიან. რადგან მათ ვერ ვენდობით, გვჭირდება რაღაც ისეთი, რაც უფრო მეტ გარანტიას მოგცემს და ეს გარანტიაა ტექნიკური მთავრობა“, — ამბობს ვახუშტი მენაბდე.

მისი თქმით, ტექნიკური მთავრობის შემთხვევაშიც არ არის 100%-იანი გარანტია, თუმცა მიზნის მიღწევის მეტი შესაძლებლობაა.

„ოცნება“, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ვერ აკონტროლებს და დღევანდელი „ოცნება“ სხვადასხვაა, სხვადასხვა რისკზე შეუძლია წასვლა, იმიტომ, რომ ზიანიც განსხვავებულია. მეორე მხრივ, ტექნიკურ მთავრობის სიძლიერეს განაპირობებს სახალხო მხარდაჭერა. ხალხი მხარში დაუდგება ამ მთავრობას, თუ ის დახმარებას სთხოვს ამ რეფორმების გატარების პროცესში შემხვედრი წინაღობების გადასალახავად. ანუ, ერთი მხრივ, გვეყოლება „ოცნება“ უმრავლესობით პარლამენტში, მეორე მხრივ კი, გეყოლება მთავრობა ხალხის ზურგით. რა თქმა უნდა, „ოცნებას“ ასეთ შემთხვევაშიც შეუძლია, ავანტიურაზე წავიდეს, მაგრამ მეტი რისკით და ნაკლები შანსით“, — დასძენს ვახუშტი მენაბდე.

„ქართული ოცნება“ ჯერჯერობით არ ავლენს მზაობას, რომ მზადაა, განიხილოს ტექნიკური მთავრობა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება წნეხის სიმძიმეზე, რომელსაც ის ქუჩიდან იგრძნობს.

„თუ მთავრობა არ დათანხმდება, გაგრძელდება არაძალადობრივი წინააღმდეგობა. არაძალადობრივ წინააღმდეგობას აქვს ბევრი ფორმა და შინაარსი და შევეცდებით, ყველა მათგანი დავფაროთ“, — ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

„სირცხვილიას“ ორგანიზებით მორიგი აქცია 3 ივლისს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი