ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულდა

4 ივლისი, 2022 • 839
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულდა

აქცია “შინ ევროპისკენ”, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდებოდა, დასრულდა. აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ მთავრობის სხდომა, რომლის დაწყებასაც შეკრებილები ელოდნენ, “ვერ შედგა”.

“ტრადიციულად, ყოველ ორშაბათს, აქ ინიშნება ხოლმე მთავრობის სხდომა. მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობას და ვერ ვხედავთ ღარიბაშვილს. სამაგიეროდ მათ ნაცვლად ვხედავთ ბევრ პოლიციელს…”

“ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ხოლმე და მაქსიმალურად შევაწუხოთ მთავრობა, არ მივცეთ მათ არაძალადობრივი პროტესტის ფარგლებში შესაძლებლობა, იმავნებლონ”, — დასძინა მან.

მანამდე, აქციის ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ღამე გაათენა და დილის საათებშიც იქ დარჩა. ისინი მთავრობის სხდომის დაწყებას ელოდებოდნენ, რომელიც დღეს, 4 ივლისს იყო დაგეგმილი.

აქტივისტების აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი იყო, ხმა გაეგონებინათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომლის გადადგომასაც ითხოვენ. ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული პოლიციელი იყო მობილიზებული, ადმინისტრაციის შესასვლელი კი — ჯებირებით შემოსაზღვრული.

“დავიშალოთ დღეს, ვერ შედგა მთავრობის სხდომა”, — მიმართა დიღმელაშვილმა ადგილზე დარჩენილ დემონსტრანტებს აქციის დასასრულს.

“ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ შეგვატყობინებენ, როცა მთავრობის სხდომა ჩაინიშნება.

აქცია „შინ ევროპისკენ“  3 ივლისის საღამოს საქართველოს პარლამენტთან დაიწყო. დემონსტრაციის მიმდინარეობისას მონაწილეთა ერთი ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადავიდა, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა დიტო სამხარაძემ სიტყვიერად შეურაცხყო.

დაახლოებით 1 საათის შემდეგ აქციის მონაწილეები „ოცნების“ ოფისიდან კვლავ პარლამენტის მიმდებარედ დაბრუნდნენ და შეუერთდნენ სხვა მომიტინგეებს, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ მთავრობის ადმინისტრაციისკენ.

ეს იყო რიგით მესამე აქცია თბილისში, ზემოხსენებული სახელწოდების ქვეშ. მეორე აქციაზე ორგანიზატორებმა ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა გაახმიანეს და მთავრობას ამისთვის 1 კვირა მისცეს. 3 ივლისის აქცია მოთხოვნის წამოყენებიდან 1 კვირის თავზე გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი