ახალი ამბები

ეროვნული თანხმობის მთავრობის ლეგიტიმაციის წყარო კონსესუსია – მელია “შინ ევროპისკენ” აქციის მოთხოვნებზე

25 ივნისი, 2022 • 675
ეროვნული თანხმობის მთავრობის ლეგიტიმაციის წყარო კონსესუსია – მელია “შინ ევროპისკენ” აქციის მოთხოვნებზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია გუშინ, 24 ივნისს აქციაზე “შინ ევროპისკენ” გაჟღერებულ მოთხოვნებს ემხრობა და ამბობს, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობის ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია მხარეებს შორის კონსენსუსი. ამის შესახებ განცხადება მან ფეისბუკზე დღეს, 25 ივნისს გაავრცელა.

მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობის შესაქმნელად უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დროებითი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციას შეასრულებს, შემდეგ კი უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები:

  • “საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნაა ივანიშვილის მთავრობის გადადგომა, რომლის ფორმალური პრემიერი ღარიბაშვილია. შესაბამისად მთავრობა, რომ გადადგეს უნდა გადადგეს ღარიბაშვილი
    საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნით ივანიშვილმა ახალი, ოლიგარქის მიერ კონტროლირებადი მთავრობა კი არ უნდა წარმოადგინოს, არამედ უნდა აირჩეს ეროვნული თანხმობის მთავრობა
  • ეროვნული თანხმობის მთავრობა, არის დროებითი. ის ასრულებას ევროკომისიის დასკვნით გაწერილი 12 რეკომენდაციას (ამ რეკომენდაციებში არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა), რათა დეკემბერში მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატობა. ის არის გარდამავალი.
    როდესაც ეს პროცესი დასრულდება, რეფორმირებულ საარჩევნო გარემოში უნდა გაგრძელდეს პროცესი, მათ შორის ახალი არჩევნებით.
  • საერთო სახალხო მოძრაობის შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები და არც ამჟამად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
    მისი წევრები უნდა იყვნენ კონკრეტული დარგის აღიარებული სპეციალისტები, საერთაშორისო აღიარებითა და მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით.
  • ეროვნული თანხმობის მთავრობის ლეგიტიმაციის წყარო არის კონსენსუსი და მხარს უნდა უჭერდეს საერთო-სახალხო მოძრაობაც, ოპოზიციაც და დათანხმდეს ივანიშვილიც.
  • ივანიშვილმა უნდა დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება, ეს მნიშვნელოვანია კანდიდატობის მისაღებად (პირდაპირ წერია დეოლიგარქიზაცია) და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია.
  • ევროკავშირისთვის – ასე უნდა ერქვას სამთავრობო გეგმას, რომელსაც უნდა გამოუცხადოს თანხმობა პარლამენტმა, პრემიერის დამტკიცებისას და 12-ვე საკითხს უნდა პასუხობდეს”, – ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში.

აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა გუშინ, 24 ივნისს, გამართულ მასშტაბურ აქციაზე წამოაყენეს მთავარი მოთხოვნა – ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, თუ არ გადადგება მთავრობა. ასევე, დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი

მასალების გადაბეჭდვის წესი