ახალი ამბები

უმცირესობების დაცვა და ევროპული არჩევანი ერთმანეთზეა დამოკიდებული — სოლიდარობის პლატფორმა

23 ივნისი, 2022 • 891
უმცირესობების დაცვა და ევროპული არჩევანი ერთმანეთზეა დამოკიდებული — სოლიდარობის პლატფორმა

„სოლიდარობის პლატფორმის“ წევრი არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური თემების წარმომადგენელი აქტივისტები ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებს ეხმაურებიან.

სოლიდარობის პლატფორმის გარშემო გაერთიანებული აქტივისტები სხვადასხვა რეგიონიდან და ეთნიკური და რელიგიური თემებიდან აცხადებენ, რომ ევროპული ვექტორი და მომავალი საქართველოში სამოქალაქო თანასწორობის, ინტერეთნიკური სოლიდარობის და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის უმთავრესი გარანტორია.

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველოში უმცირესობების უფლებების დაცვა და ჩვენი ევროპული არჩევანი ერთმანეთზეა დამოკიდებული. გვჯერა, რომ ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია დაკავშირებულია სისტემური უსამართლობების დასრულებასთან, სტრუქტურული დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან და გარიყულობის გადალახვასთან. ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესების დაცვის და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, — ნათქვამია განცხადებაში.

სოლიდარობის პლატფორმის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, კიდევ უფრო აშკარაა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების მასშტაბი და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიების მიღება.

„ჩვენთვის ევროკავშირი არის არა მხოლოდ ადგილი ცათამბჯენებისა, მდიდარი სავაჭრო ცენტრებისა და კაშკაშა ქალაქებისა, არამედ პოლიტიკური სივრცე, სადაც ისმის არადომინანტური ჯგუფების ძლიერი ხმა, პოლიტიკური სისტემები მიმართულია უფლებების, რესურსების და ძალაუფლების სამართლიანი გადანაწილებისკენ, მოქმედებს მონაწილეობითი თვითმმართველობა, შენდება სოლიდარული საზოგადოება, უზრუნველყოფილია ღირსეული მინიმალური ხელფასი და შრომითი პირობები, სახელმწიფო სერვისებზე, პროგრამებზე და ჯანდაცვაზე წვდომა ყველასთვის უზრუნველყოფილია მაშინაც კი, როცა მოქალაქემ არ იცის სახელმწიფო ენა. ჩვენ გვინდა ევროკავშირი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპის ეკონომიკა ძლიერია, არამედ იმიტომაც, რომ ევროკავშირში ყველაზე ღარიბი, მარგინალიზებული და ჩაგრული ჯგუფები საზოგადოების და ინსტიტუტების ფოკუსშია მოქცეული და მათ მხარდაჭერაზე მუშაობს ყველა დაინტერესებული მხარე“, — ნათქვამია განცხადებაში.

სოლიდარობის პლატფორმა მიმართავს ევროპულ საბჭოს და სხვა ინსტიტუტებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინონ საქართველოს არადომინანტური ჯგუფების ხმა და საჭიროებები.

„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლების მცდელობები, მხარი დაუჭიროს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც ასოცირების შეთანხმებას უკავშირდება, სუსტია. პრობლემურია პოლიტიკური რიტორიკაც ევროპელი ინსტიტუტებისა და პარტნიორების მიმართ. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ წლების განმავლობაში აჩვენა მისი მკაფიო ევროპული ორიენტაცია და სურვილი, აშენოს დემოკრატიული საზოგადოება. საქართველოს მოსახლეობამ, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებებზე მომუშავე სათემო ლიდერებმა და უფლებადამცველებმა მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, რათა არ დაზიანდეს ის შრომა, რომელსაც ყველა ერთად ვასრულებდით“, — ნათქვამია მიმართვაში.

სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან, თბილისიდან და მისი მიზანია არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის სოლიდარობის შენება და მათი საჭიროებების, წუხილებისა და ხედვების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება.

22 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები ევროპული საბჭოს დეგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება. ევროპარლამენტში გამომსვლელების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის დასკვნას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოსთვის — როგორც კი ის დააკმაყოფილებს აუცილებელ პირობებს.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში წარმოადგინა წინაპირობები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს სტატუსის მიღებამდე. ევროკომისია ასევე აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

მასალების გადაბეჭდვის წესი