ახალი ამბები

“აბსურდი” – პრეზიდენტი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლაზე

22 ივნისი, 2022 • 1370
“აბსურდი” – პრეზიდენტი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლაზე

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას პარლამენტში და ამბობს, რომ ეს იყო აბსურდი, შეურაცხმყოფელი შინაარსით.

ზურაბიშვილმა სპეციალურად დანიშნულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2 დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა საქართველოს EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამის ფონზე კი, მართალია, საზოგადოება ყველაფერს აკეთებს და 20 ივნისის აქციის სახით აჩვენებს ბრიუსელს, რომ ერთიანია – პარლამენტში „სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე“.

„მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმით, თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. ჯერ ერთი, რაც დავინახე პარლამენტში – ეს არის საწინააღმდეგო იმისა, რაც აჩვენა საზოგადოებამ. საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა კი საპირისპირო – დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის აუტანლობა, არმოსმენა და ყველაფერი, რასაც შეიძლებოდა ეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახე – ვაჩვენეთ დღეს.

ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც – არ ვიცი, თუ რამე გამოსვლა შეიძლება ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათსა და გზავნილს .. რომ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა; ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ..ერთადერთი, ალბათ, იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდოდა ანუ აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით.

შენ როდესაც ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმი, მოგეთხოვება 2 რამ: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ნებისმიერ ხელისუფლებას, და მეორე, რომ შენ გაიგო, შენგან რას ელოდება იმ პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმული იქნება პოლიტიკური ნება, [რომელიც აჩვენებს] რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები – ამას გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენ მიმართ გზავნილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ, ვინც დღევანდელი გამოსვლა მოისმინა, გაოგნებული უნდა იყოს.

„მეც გაოგნებული ვარ. მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ეს არ ვიცი, რას წარმოადგენს, ეს ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული – ამ ყველაფერზე პასუხი არ მაქვს“, – ამატებს ის.

ფარულ მოსმენებზე სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს


დღეს 22 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინ ანგარიშით უნდა წარმდგარიყო. თუმცა, ამის ნაცვლად, ეს დრო ძირითადად ოპოზიციასთან პოლემიკაში გავიდა.

მისი რამდენიმე განცხადება დღევანდელი სხდომიდან იხილეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი