საზოგადოება

პრემიერმა უკრაინაში ჩარტერული რეისით მიმავალ ქართველ მებრძოლებს “დაქირავებული მოხალისეები” უწოდა

22 ივნისი, 2022 • 1704
პრემიერმა უკრაინაში ჩარტერული რეისით მიმავალ ქართველ მებრძოლებს “დაქირავებული მოხალისეები” უწოდა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინული მხარე ითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაეშვა მათ მიერ „დაქირავებული მოხალისეები“.

„ჩვენ კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები… ითხოვდნენ, ჩარტერული რეისებით მთავრობას გაგვეშვა მეომრები, მათი დაქირავებული, ასე ვთქვათ, მოხალისეები… ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა, ძვიფრასო ოპონენტებო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოდის, რასაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან პერიოდულად მოსდევს პროტესტი.

ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინაში მიმავალი „ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა წერდა, რომ გააუქმეს რეისი, რომლითაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა ჩასულიყვნენ. ამ რეისით უნდა გაფრენილიყო ვაჟა გაფრინდაშვილიც.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც, რომელმაც საქართველოს მთავრობას მებრძოლების გაშვებისკენ მოუწოდა.

უკრაინაში მებრძოლ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაქირავებულ მებრძოლებად მოიხსენიებს რუსეთის ფედერაცია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება მატერიალური გამორჩენის მიზნით დასჯადია.

უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული არცერთი მებრძოლი აღნიშნული მუხლის შესაბამისად არ დაუკავებიათ.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების დაზუსტებული რიცხვი არ არსებობს, თუმცა სავარაუდოა, რომ ომში ასობით საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს.

ქართველები იბრძვიან ქართულ ლეგიონში, კარპატულულ სიჩში, აზოვის ბატალიონში, უკრაინის უცხოურ ლეგიონში, ჩეჩნურ ბატალიონებსა და სხვადასხვა შეიარაღებულ ჯგუფებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი