საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა არის [მთავრობის] „მთავარი მიღწევა“ და „ისტორიული გადაწყვეტილება“.
„ბუნებრივია, მე მინდა დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მოწმენიც გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება 17 ივნისს, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროპულ საბჭოს…“, -განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დაწყებისას ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების აღშფოთება მოჰყვა.
მისი განცხადებით, მთავრობის მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, რაზეც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული მიდგომა იხილეს.
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა- პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.