ახალი ამბები

ისტორიული გადაწყვეტილებაა – ღარიბაშვილი ევროკომისიის დასკვნას მე-4 დღეს გამოეხმაურა

20 ივნისი, 2022 • 1130
ისტორიული გადაწყვეტილებაა – ღარიბაშვილი ევროკომისიის დასკვნას მე-4 დღეს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეოთხე დღეს პირველად გამოეხმაურა ევროკომისიის დასკვნას და ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. ამის შესახებ მან დღეს, 20 ივნისს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდნეტმა ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ როგორც კი  ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციებს დაამტკიცებს, საქართველოს მთავრობა ბრიუსელთან მუშაობას მაშინვე დაიწყებს. მისი თქმით,  რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც დღის წესრიგში იყო.

„არის სხვა საკითხები, რომელსაც გავარკვევთ ბრიუსელთან და ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღონ, თუმცა გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად ამ ქვეყნებმა გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ. საქართველოს შემთხვევაში ევროკომისია იგივე რეკომენდაციით არ წარსდგა. უწყების შეფასებით, საქართველომ ჯერ 12 მიმართულებით უნდა შეასრულოს პირობები და შემდეგ ექნება შანსი მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობენ და მას „მცირედ წახალისებას“  და სიმბოლურს  უწოდებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს.

ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ ქვეყნებისთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.

მასალების გადაბეჭდვის წესი