საზოგადოება

რას ნიშნავს და რატომ არ არის სიმბოლური კანდიდატის სტატუსის მინიჭება

17 ივნისი, 2022 • 5106
რას ნიშნავს და რატომ არ არის სიმბოლური კანდიდატის სტატუსის მინიჭება

დღეს, 17 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, მიიღოს  ევროპული პერსპექტივა გარკვეული პირობების სანაცვლოდ, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, რომლის კანდიდატობასაც დაუჭირა მხარი.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ჩვეულ რიტორიკას არ ცვლის, აკნინებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მას „მცირედ წახალისებას“  უწოდებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს.

ნეტგაზეთი ამ სტატიაში განიხილავს, რამდენად სიმბოლურია კანდიდატის სტატუსი და რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ამ სტატუსის ახლა მიღებას.

რა ხდება?


ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ ქვეყნებისთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.

თუმცა, მანამ,  სანამ ევროკომისიის დასკვნა ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი იყო, ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობის დაკნინებას აქტიურად ცდილობდნენ.

რეალურად კი კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი საფეხურია, რომელსაც გაწევრიანების მსურველი ქვეყანა გვერდს ვერ აუვლის. სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ იწყება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, როდესაც წევრობის მსურველი სახელმწიფო და ევროკავშირი ცდილობენ შეთანხმდნენ გაწევრიანების ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულება 35 თავისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა სფეროს ეხება და ყველა თავის ოფიციალურად დახურვის შემდეგ ევროპული საბჭო ხელმოწერის თარიღს ადგენს.

გარდა იმისა, რომ  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპია, ეს სტატუსი ასევე მოიაზრებს ევროკავშირისგან ამ ქვეყნებისათვის გამოყოფილ პრაქტიკულ, კერძოდ, ფინანსურ მხარდაჭერასაც.

  • როგორ ეხმარება ფინანსურად EU კანდიდატ ქვეყნებს

თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სიმბოლურობაზე საუბრობენ. ერთ-ერთი, ვინც ამას ყველაზე ხშირად უსვამს ხაზს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ამას მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულებით ხსნის.

„რაც შეეხება სტატუსს, სტატუსის ფასი რომ შევაფასოთ, ჩვენ ახლა ისე არ წარმოვაჩინოთ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე და მე ვარ ვალდებული ჩვენს ხალხთან, კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური, ასე ვთქვათ, მატარებელი“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობის დამაკნინებელ განცხადებებს ავრცელებდა ირაკლი კობახიძეც.

„თვითონ კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს არ იძლევა, ჩვენ ამაზე გვქონდა განმარტება, არცერთი ევროთი მეტს არ გაძლევენ, კანდიდატის სტატუსთან მეტი ფული არ არის დაკავშირებული, ვალდებულება არ უჩნდება ევროკავშირს.

ვადების კუთხითაც არანაირად არ იცვლება შენი პერსპექტივა, ისევ 5 წელიწადში, 10 თუ 15 წელიწადში მოგანიჭებენ წევრის სტატუსს, არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის გახდი კანდიდატი. პრაქტიკული კუთხით რეალურად არაფერი იცვლება. ამაზე ტყუილები ისმის „ნაცმოძრაობის“ არხებზე, ამბობენ, რომ თითქოს ფულს ნიშნავს, ბავშვები წავლენ განათლების მისაღებად, სრული ტყუილია, არაფერი მეტი არ გეძლევა“, — თქვა „პალიტრასთან“ ირაკლი კობახიძემ.

იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა დააკნინონ, ვადებზე საუბრობენ ხელისუფლების მხარდამჭერებიც და ხშირად თურქეთის მაგალითს იშველიებენ, რომელსაც  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 1999 წლიდან აქვს. თუმცა მათი ყურადღების მიღმა რჩება ის, რომ თურქეთისთვის ევროინტეგრაციის პროცესი პრობლემატური არაერთი მიზეზით აღმოჩნდა, მათ შორის, ადამინის უფლებების დარღვევის, ცენზურის, ეკონომიკური არასტაბილურობისა და სხვათა გამო.

თუმცა იმას, რომ კანდიდატობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აუცილებლად გასავლელი და მნიშვნელოვანი საფეხურია, მოწმობს გასულ წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 10-წლიანი გეგმაც, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა 2024 წელს განაცხადის გაკეთებას,  ხოლო შემდგომ, 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას აპირებდა.

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი

კანდიდატის სტატუსი რომ სიმბოლური მნიშვნელობის არ არის, ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძეც.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის დაკნინების ნებისმიერი მცდელობა შესაძლოა მხოლოდ იმით აიხსნას, რომ ხელისუფლება თავიდანვე არასახარბიელო გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

გიგი გიგიაძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანას აძლევს უფრო მკაფიო მიზანს და გეგმას ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ის ყურადღებას იმ  ფინანსურ დახმარებაზე ამახვილებს, რომელიც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ახლავს.

გიგი გიგიაძე

„2021-2027 წლებში კანდიდატი ქვეყნებისთვის გამოყოფილია 14 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება, რომელიც ამ ქვეყნებზე ნაწილდება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სიმბოლურია, ეს, რბილად რომ ვთქვეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. კანდიდატის სტატუსის ასე წარმოჩენა მიზნად ისახავს  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – აღნიშნავს გიგი გიგიაძე და დასძენს, რომ ამჟამად კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები ევროკავშირის უამრავ პროექტებში არიან ჩართული და სხვადასხვა ფონდისგან იღებენ დახმარებას.

კანდიდატის სტატუსის გარეშე რომ ევროკავშირის წევრობა შეუძლებელია, აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხედაშელიც და ამის უკეთ ასახსნელად მარტივი ანალოგია მოჰყავს ნეტგაზეთთან:

„მაგალითად, უნივერსიტეტში ჩაბარება თუ გინდათ, თუ არ დარეგისტრირდით აბიტურიენტად, ისე სტუდენტი ვერასდროს ვერ გახდები, უბრალოდ, გამოცდებზე არ დაგვიშვებენ. დაახლოებით იგივე ამბავია ამ შემთხვევაშიც. თუ არ გვექნება კანდიდატის სტატუსი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან მიმართებით გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნება და, შესაბამისად, დღის წესრიგში წევრობის საკითხიც არასოდეს დადგება“, – განმარტავს თინა ხიდაშელი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ნატოს სამოქმედო გეგმისგან (MAP)  განსხვავებდა და მათი შედარება, როგორც ამას ხშირად აკეთებენ, არასწორია. მისი განმარტებით, ნატოს არცერთ სადამფუძნებლო დოკუმენტში ნახსენები არაა, რომ MAP გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობაა, განსხვავებით კანდიდატის სტატუსისაგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებამდე აუცილებლად გასავლელი ეტაპია.

თუმცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტსა და საქართველოსთვის MAP-ის არმიცემასთან პარალელს ავლებს პრემიერ-მინისიტრი.

„2007 წელს გაგვიჩინეს ძალიან დიდი მოლოდინი, აჟიოტაჟი, რომ MAP-ის მონიჭებით თუ არმონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს MAP, მაგრამ ქვეყანამ გააგრძელა ნატო-ში ინტეგრაცია,  ჩვენმა ხელისუფლებამ გახსნა ნატოსთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ამიტომ გეუბნებით, რომ რეალობაში უნდა ვიყოთ“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიგი გიგიაძის თქმით კი, არ შეიძლება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის და 2022 წლის ევროკომისიის დასკვნის ერთმანეთთან შედარება, რადგან ახლა საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს ყველა ის ბერკეტი იმისათვის, რომ სიტუაცია შეცვალოს და ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის შესაძლებლობა დადებითად გადაწყვიტოს.

თინა ხიდაშელის თქმით კი, სინამდვილეში ნატოს MAP-სა და ევროკავშირის კანდიდატობას შორის განსხვავება კარგად იცის პრემიერ-მინისტრმაც და მისი განცხადებები  ევროკავშირისგან უარყოფითი პასუხის გამო საზოგადოების რეაქციის შერბილებას ემსახურება.

„სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად ხდება ამ პროცესის მნიშვნელობის დაკნინება“ — მიიჩნევს თინა ხიდაშელი და დასძენს, რომ რეალურად, ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, ამ კუთხით რაიმე სერიოზული გარღვევა გააკეთოს.

როგორც ნეტგაზეთის რესპოდენტები აღნიშნავენ, ახლა ხელისუფლების ძალისხმევა არა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობის დაკნინებისკენ, არამედ იმისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული, რომ ასოცირებული ტრიოს (უკრაინა-საქართველო-მოლდოვა) ფორმატის დაყოფა და ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის გადაწყვეტილების დიფერენცირება არ მომხდარიყო.

რატომ არ უნდა დაშორდეს საქართველო უკრაინას და მოლდოვას

რჩება თუ არა შანსი იმისა, რომ ევროპულმა საბჭომ ევროკომისიისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს – ამ კითხვაზე პასუხად გიგი გიგიაძეს საბერძნეთის შემთხვევა  მოჰყავს. კერძოდ,  ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო ევროკომისიის დასკვნას არ დაეთანხმა.

გიგი გიგიაძე ახლაც არ გამორიცხავს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროპულ საბჭოზე გარკვეული ცვლილება მოჰყვეს. თუმცა, მისი თქმით, ალბათობა იმისა, რომ ევროპულმა საბჭომ კომისიის მიერ დაწერილი დოკუმენტი ერთ კვირაში არ გაითვალისწინოს ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ძალიან მცირეა.

„თუმცა, ვინაიდან პოლიტიკური პროცესია, გამორიცხული არაფერი არ არის. როგორც ვთქვი, ასეთი შემთხვევა ისტორიაში ერთადერთხელაა ცნობილი და ამის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ალბათობაც არის ძალიან ნაკლები“, – ამბობს გიგი გიგიაძე.

თინა ხიდაშელიც და გიგი გიგიაძეც ხაზს უსვამენ იმას, რომ საქართველოსთვის ევროინეტგრაციის გზაზე შესაძლებლობის ფანჯარა უკრიანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა.

გიგი გიგიაძის თქმით,  ნებისმიერი ფორმულირება, რომელიც საქართველოს ასოცირებული ტრიოდან გამოყოფს, ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანწილად უკან დახევს.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მასთან ვერ დაიწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ანუ, კანდიდატობის გარდა, ნებისმიერი სხვა სტატუსის მონიჭება, სრულიად გაუგებარ რეალობაში დაგვტოვებს. კანდიდატისა და პოტენციური კანდიდატის სტატუსს შორის მნიშვნელოვნი, თვისებრივი განსხვავებაა. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები უკვე იწყებენ მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე, ხოლო პოტენციური კანდიდატები იღებენ დაპირებას, რომ ისინი ოდესღაც გახდებიან ევროკავშირის წევრები. ორი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული მოცემულობა“, – ამბობს გიგი გიგიაძე 23-24 ივლისს მისაღებ საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

თინა ხიდაშელი. ფოტო: EPA/MACIEJ KULCZYNSKI

„რაღაც სასწაული უნდა მოვახდინოთ ჩვენ დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის კუთხით, რომ ინდივიდუალურად ყურადღება მოგვაქციონ. შემდეგი გაჩერება ჩვენთვის იქნება სომხეთთან და და აზერბაიჯანთან დაჯგუფება. სომხეთთან, რომელიც ევრაზიული კავშირის წევრია და აზერბაიჯანთან, რომელსაც ევროკავშირთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა გაცხადებული მაინცდამაინც არ აქვს. ეს არის კატასტროფული პერსპექტივა“, — ამბობს თინა ხიდაშელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი