საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არ შურს არც უკრაინისა და არც მოლდოვის, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა ომის გამო „მძიმე ვითარებაშია“.
დღეს, 20 ივნისს, სამი დღის შემდეგ პირველად გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.
ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მოსახლეობას კითხვები გაუჩნდა, თუ „რატომ არის უფრო წახალისებული მოლდოვა და უკრაინა“. მისი თქმით „იდენტური ჩანაწერი აქვთ პერსპექტივასთან დაკავშირებით“ – „რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვასთან, რომელიც ასევე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში“.
„ჩვენ კარგად გვესმის, უკრაინა ახლა არის უმძიმეს ვითარებაში: 20% ტერიტორიების უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე, მოლდოვა არის ძალიან მძიმე ვითარებაში, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა და ძალიან დიდი ნაკადი იყო დევნილების და უამრავი, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების, რისკები გაეზარდა მნიშვნელოვნად მოლდოვას.
გახსოვთ, რომ წინა კვირას საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები მე მეუბნებოდნენ და ეს ღია ვთქვი – რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში. თქვენ ნახეთ, რომ ევროპელი ლიდერები საჯაროდაც ადასტურებენ ამ ფაქტს – რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. ჩემთან პირად საუბრებშიც ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს წარმატება, მინდა ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება“ ,- აცხადებს ღარიბაშვილი.
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა- პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.
სამივე ქვეყნის პროგრესს ევროკომისია 2022 წლის ბოლოს შეაფასებს. სამ ქვეყანას შორის ყველაზე მეტი მოთხოვნას ევროკომისია საქართველოს უწესებს.
ვრცლად:
რას ნიშნავს და რა განსხვავებაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატუსებს შორის | ამხსნელი








