ახალი ამბები

სტუდენტების მოთხოვნის მიუხედავად, თსუ არ შეცვლის გამოცდების ფორმატს

14 ივნისი, 2022 • 604
სტუდენტების მოთხოვნის მიუხედავად, თსუ არ შეცვლის გამოცდების ფორმატს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტების მოთხოვნის მიუხედავად, აცხადებს, რომ გამოცდები აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.

ოფიციალურ განცხადებაში უნივერსიტეტი წერს, რომ რექტორმა და ადმინისტრაციამ დღეს, 14 ივნისს პროტესტში მონაწილე სტუდენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა და პროტესტის კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანა.

„ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე. ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად.

სტუდენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება. სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში. ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე, რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას“, – წერია განცხადებაში.


სტუდენტებმა პროტესტის ფარგლებში რამდენჯერმე დაიკავეს რექტორის კაბინეტი. ისინი შარვაშიძესთან შეხვედრას რამდენიმე კვირაა ითხოვენ და უნივერსიტეტში აქციებს მართავენ. მთავარ მოთხოვნებს შორის სტუდენტებისთვის საცხოვრისის პრობლემის მოგვარებაა, ხოლო რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის – ხელშეწყობის მიზნით, გამოცდების დისტანციურად ჩაბარება.

აქციები უკვე 2 თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს. რექტორმა 13 მაისს ბრძანება გამოსცა, რომ შესაძლოა, 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართოს – თუმცა, ბრძანების მიხედვით, ფაკულტეტი თავად წყვეტს, შეუერთდეს თუ არა ჰიბრიდულ რეჟიმს, რასაც ფაკულტეტის ნაწილი არ აკეთებს.

ამასთანავე, უნივერსიტეტი აცხადებს, რომ დაამატა 2 რეგიონული საგამოცდო ცენტრი – ქუთაისსა და ახალციხეში. თუმცა ამის საპასუხოდ სტუდენტები ამბობენ, რომ ნაწილისთვის ესეც ხელმიუწვდომელია და უფრო მარტივი გამოსავალი ონლაინ გამოცდები იქნებოდა, რაც ტარდებოდა კიდეც პანდემიის მიმდინარეობისას.

10 ივნისს რექტორის კაბინეტის წინ სტუდენტებსა და დაცვას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ამ ინციდენტს შემდგომ გამოეხმაურა ყველა მხარე – უნივერსიტეტი, სტუდენტური მოძრაობა და განათლების სამინისტრო. ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი