ახალი ამბები

სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს, თსუ-ს თანახმად დაშავდნენ დაცვის თანამშრომლები

10 ივნისი, 2022 •
სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს, თსუ-ს თანახმად დაშავდნენ დაცვის თანამშრომლები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტი დაიკავეს. ისინი შარვაშიძესთან შეხვედრას რამდენიმე კვირაა ითხოვენ და უნივერსიტეტში აქციებს მართავენ.

განახლება 21:40 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ თსუ-ში მიმდინარე პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო. თსუ-ს განცხადებით, დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი.

“აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თითოეულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა, თსუ სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას, გარეშე პირების ქმედებებს კი მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს”, – ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.

სტუდენტებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  1. მიეცეთ გამოცდების ონლაინ დაწერის საშუალება, რადგან რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები საგამოცდოდ სხვადასხვა ქალაქში ჩასვლას ვერ ახერხებენ;
  2. სახელმწიფომ სტუდენტებისთვის შექმნას ღირსეული საცხოვრებელი პირობების მქონე საერთო საცხოვრებლები, სადაც ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეეძლებათ ცხოვრება;
  3. უნივერსიტეტის ხარჯები გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე.

აღნიშნული მოთხოვნებით ისინი აქციებს რამდენიმე კვირაა მართავენ. გასულ პარასკევს, 3 ივნისს თსუ-ში აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამოცდები ონლაინ არ ჩატარდებოდა. ამ დღეს უნივერსიტეტში სტუდენტები ელოდნენ რექტორსაც, თუმცა მასთან შეხვედრა არ შედგა.

მანამდე სტუდენტებმა იმავე მოთხოვნებით უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავეს.

თსუ-ს სტუდენტების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 1.5-წლიანი ონლაინ სწავლების შემდეგ, მიმდინარე წლის 2 მაისიდან სწავლა აუდიტორიებში გაგრძელდებოდა. სტუდენტები აცხადებდნენ, რომ გაძვირებული ქირის ფონზე რამდენიმე თვით თბილისში ბინის ქირაობას ვერ შეძლებდნენ და სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელებას ითხოვდნენ.

უნივერსიტეტმა მათი ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რექტორის ბრძანებით, 13 მაისიდან სასწავლო პროცესი თსუ-ში შერეული ფორმატით წარიმართება, თუმცა ფაკულტეტი თავად წყვეტს, შეუერთდეს თუ არა ჰიბრიდულ რეჟიმს, რასაც ფაკულტეტების ნაწილი არ აკეთებს.

სტუდენტები ამბობენ, რომ იმ ფაკულტეტებზეც, რომლებმაც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში გააგრძელეს, ტექნიკური პრობლემების გამო სწავლის პროცესი სრულყოფილად არ მიმდინარეობს. კერძოდ, ზოგიერთი ლექტორი ვერ ახერხებს სპეციალურ პროგრამა “ზუმში” ჩართვას, ზოგ შემთხვევაში კი უნივერსიტეტში არ მუშაობს ინტერნეტი, შესაბამისად, ლექციების ონლაინ ნაწილი ფერხდება.

რაც შეეხება გამოცდების ონლაინ ჩატარებას, მათი განმარტებით, სტუდენტებმა, რომლებმაც სასწავლო პროცესის განმავლობაში რეგიონიდან თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, ვერც გამოცდებზე ფიზიკურად დასწრებას შეძლებენ, რადგან ეს დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს, გამოცდები კი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გრძელდება.

ამის საპასუხოდ უნივერსიტეტმა საგამოცდო ცენტრები ორ ქალაქში, ქუთაისსა და ახალციხეში დაამატა. სტუდენტები აცხადებენ, რომ გამოცდებზე ფიზიკურად დასწრება მაინც პრობლემა იქნება იმ ნაწილისთვის, ვინც ამ ქალაქებთან ახლოს არ ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი