ახალი ამბები

ვგმობთ ძალადობას და მას აზრის დაფიქსირების უკიდურეს ფორმად მივიჩნევთ – სტუდენტური მოძრაობა

11 ივნისი, 2022 • 979
ვგმობთ ძალადობას და მას აზრის დაფიქსირების უკიდურეს ფორმად მივიჩნევთ – სტუდენტური მოძრაობა

სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“  10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი გმობენ ძალადობას და მას აზრის დაფიქსირების უკიდურეს ფორმად მიიჩნევენ.

მათი თქმით, პროფესორ რამაზ ხომერიკის მსგავსი ხერხით „განრიდება აქციის ინტენსიური ფაზიდან“ მათი მხრიდან გადაცდომაა და ეს იმპულსური ქმედების შედეგი იყო და არა- მიზანმიმართული მოქმედება.

როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, მრავალთვიანი საპროტესტო აქციის ფონზე, როდესაც ადმინისტრაციას პასუხები არ აქვთ და რექტორი უკანა კარიდან იპარება, ხოლო რექტორის ცარიელი კაბინეტის წინ ათობით მცველი დგას, პროტესტის გრძნობა აქციის ყოველ მონაწილეში მწვავდება.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნით უნივერსიტეტის შიდა სივრცეში მობილიზებული იყო არაერთი შეიარაღებული საპოლიციო ეკიპაჟი- რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის შიდა სივრცეში მათთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა გამოჩენა იყო პროვოკაცია და ჩვენი დაშინების მცდელობა“, – აცხადებენ სტუდენტები.

მათი განმარტებით, სიტუაციის გამწვავება გამოიწვია რამაზ ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ, რომელიც „აქტიურად იცავდა „რექტორის კაბინეტს“, რაც მათი თქმით, მის კომპეტენციას საერთოდ არ წარმოადგენს.

„ჩვენი არაერთი თხოვნისა, მან არ დატოვა პოტენციური გამწვავების არეალი. მიუხედავად ამ გაურკვეველი ქმედებისა, რა თქმა უნდა, აზრის დაფიქსირება არ გამხდარა მისი მიუღებელი ფორმით განრიდების მიზეზი. ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა რომელიმე წარმომადგენლის ჯანმრთლობის შესაძლო დაზიანება.

ამასთანავე, ბატონი რამაზი საკუთარი პოსტის კომენტარში აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა მიზამნიმართული ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გვსურდა მოვლენების ამგვარად განვითარება, შესაბამისად სტუდენტური მოძრაობა ბოდიშს იხდის პროტესტის გამოხატვის თვისუფლების გადამეტებისთვის“, – აცხადებენ სტუდენტები.

სტუდენტების თქმით, საპროტესტო აქციის დაწყებამდე უნივერსიტეტში გამოჩნდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. ხოლო როცა აქცია დაიწყო, მათი თქმით, უნივერსიტეტის ფოიეში და რექტორის კაბინეტთან გადანაცვლებისას თსუ-ს ადმინისტრაციის მოთხოვნით შენობის შიდა სივრცეში შეიარაღებული საპოლიციო ეკიპაჟებ გამოჩნდნენ.

სტუდენტების განცხადებით, ამ ორი ინსტიტუციის მობილიზება პროვოკაციასა და მათი დაშინების მცდელობას წარმოადგენდა.

„სტუდენტური პროტესტის მონაწილეებმა საპოლიციო დანაყოფებს მოვთხოვეთ მოშორებით დგომა, თუმცა ეკიპაჟებს უნივერსიტეტი არ დაუტოვებიათ! მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა დაცვის თანამშრომლებს მოვუწოდეთ, რომ მოეცათ ჩვენთვის 109-ე აუდიტორიაში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა და უარის მიღების მიუხედავად, დაძაბულობის ფონზე შევძელით „რექტორის კაბინეტის“ დაკავება.

მიუხედავად 10 ივნისის გადაცდომისა, რომელიც ნებისმიერი მწვავე პროტესტისთვის დამახასიათებელია, აქციის არსისა და მიზნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ არის მართებული. სტუდენტური მოძრაობა უკვე 2 თვეზე მეტია იკრიბება 4 მოთხოვნით, რომელთაგანაც რატომღაც მხოლოდ გამოცდების ფორმატზე ხდება აპელირება მედიის მხრიდან“, – აცხადებენ სტუდენტები.

სტუდენტების მოთხოვნები კი შემდეგი სახისაა:

  1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა
  2. ფინანსური გამჭვირვალობა
  3. მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილება
  4. რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება.

როგორც სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, მიუხედავად მათი მოთხოვნათა ლეგიტიმურობისა, უნივერსიტეტი არ ასრულებს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და პროვოკაციის გზით ცდილობს სტუდენტთა რეალური პრობლემების გადაფარვას.


გუშინ, 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტი დაიკავეს, რა დროსაც დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები. ისინი შარვაშიძესთან შეხვედრას რამდენიმე კვირაა ითხოვენ და უნივერსიტეტში აქციებს მართავენ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ თსუ-ში მიმდინარე პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო. თსუ-ს განცხადებით, დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი.

სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს, თსუ-ს თანახმად დაშავდნენ დაცვის თანამშრომლები

მასალების გადაბეჭდვის წესი