ახალი ამბები

მოსალოდნელია, რომ რუსეთს 15 000 მილიონერი დატოვებს – Henley & Partners

14 ივნისი, 2022 •
მოსალოდნელია, რომ რუსეთს 15 000 მილიონერი დატოვებს – Henley & Partners

მონაცემთა ანალიზის ბრიტანული კვლევითი ცენტრის, Henley & Partners-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ წელს რუსეთს 15 000-ზე მეტი მილიონერი დატოვებს.

ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

კვლევითი ცენტრის თანახმად, იმ რუსების 15 პროცენტი, რომელთა ქონებაც ერთ მილიონ აშშ დოლარს აღემატება, მზადაა ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო დატოვოს, ან მათმა ნაწილმა ეს უკვე გააკეთა.

ამავდროულად, Henley & Partners-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ უკრაინას დაახლოებით 2 800 მილიონერი დატოვებს, რაც ქვეყნის მილიონერთა 42 პროცენტია.

ამჟამად რუსეთი უკრაინის ყველა დიდ საპორტო ქალაქს აკონტროლებს, გარდა ოდესისა, რაც აფერხებს ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა პროდუქციის იმპორტს და ომში მყოფი ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო აზარალებს.

მეორე მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მათ შორის, მოიცავს აკრძალვებს რუსეთის ცენტრალური ბანკისა და კომერციული ბანკების წინააღმდეგ, სანქციები ასევე დაუწესდათ რუს ოლიგარქებსა და მათ კომპანიებს. ქვეყანა დატოვა ასობით უცხოურმა კომპანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი