ახალი ამბები

EU რუსეთს ყოველდღე უხდის $1 მილიარდს, ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები?! — ღარიბაშვილი

13 ივნისი, 2022 • 1395
EU რუსეთს ყოველდღე უხდის $1 მილიარდს, ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები?! — ღარიბაშვილი

„ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 90 მილიარდი დოლარი შევიდა იმ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან და ჩვენ რა ხდება? ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები?!“ — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 13 ივნისს, მთავრობის სხდომაზე.

მან ეს კითხვა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას დასვა და ხაზი გაუსვა იმას, თუ რა მდგომარეობა იქნებოდა ახლა საქართველოში, რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა.

„თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდ იმ შემთხვევაში, თუ დავუწესებდით ჩვენს ეკონომიკურ სანქციებს, ანუ რეალურად უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენი მილიონი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. საერთოდ ვინმეს ახსენდება, როგორ შრომობენ და მოღვაწეობენ ეს ადამიანები რუსეთში?! მათ რა ბედი ელით?! აღარ ვსაუბრობ იმაზე, რა ბედი ელის 4 მილიონ ადამიანს, რომელიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობს, იმათ რა ბედი ელით, რა მოხდებოდა მათ წინააღმდეგ?“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელის და იმ კითხვებს, რაც ამ პროცესში აქვს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა დასვამს.

„ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ როცა ჩვენი უპასუხისმგებლო შიდა ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ გარკვეული რეზოლუციების გამო, ეს უკავშირდებოდა რძესა და ყველს და ამაზე ათასი ცინიკური განცხადება გაკეთდა. ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის მილიარდ დოლარს, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 90 მილიარდი დოლარი შევიდა იმ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან და ჩვენ რა ხდება?

ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები?! თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, დავკარგოთ ჩვენი სახელმწიოფოებრიობა?! მე ამ კითხვებს ღიად ვსვამ და კიდევ უფრო ხმამაღლა დავსვამთ. რა თქმა უნდა, ველოდებით ჩვენ სამართლიან გადაწყვეტილებას“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი