საზოგადოება

“ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს” – “ქართული ოცნების” პასუხი ევროპარლამენტს

9 ივნისი, 2022 • 1579
“ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს” – “ქართული ოცნების” პასუხი ევროპარლამენტს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტს აკრიტიკებს და იმედს გამოთქვამს, რომ როცა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდებიან, “იმ დროისთვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება”. ამის შესახებ მან დღეს, 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის საპასუხოდ, რომელიც დღეს მიიღეს.

“რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულადაა დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპრულარიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს.

იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისთვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება. ფეიკის გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით სუვერენულად მოქმედება შეეძლება”, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუციის მიღება შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ შესაძლოა საქართველოს არ მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. კობახიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, “ქართული ოცნება” საზოგადოებას მის გარშემო განვითარებული “კულუარული მოვლენების და შესაბამისი პირადი საუბრების” შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციას სურს, რომ საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რისი მიზანიც ქვეყანაში “საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების”, მღელვარების გამოწვევა და “ნაციონალური მოძრაობის მიერ” ხელისუფლების გადატრიალებაა.

“ამ ყველაფრის დასასრული კი საქართველოს ომში ჩართვაა, რისთვისაც ასე გულმოდგინედ იღვწიან მთელი ეს თვეები ნაციონალური მოძრაობა და მისი მფარველები”, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ დღეს მიიღო, “ტყუილებია გაპარული”.

“პირველ რიგში, შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისათვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

2012 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არცერთ რეზოლუციაში და ოფიციალურ დოკუმენტში არცერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია”, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ ვრცლად ისაუბრა რეზოლუციის იმ ნაწილზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებაა აღნიშნული. მან პარადოქსი უწოდა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას “გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე” “ბიძინა ივანიშვილის ლამის ქართული დემოკრატიის მტრად” გამოცხადებას და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას.

მან “რამდენიმე შედარება მოიყვანა”:

  • როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააკაშვილისა და გვარამიას დროს მედია ყაჩაღური ფორმით სრულად იქნა მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ახალი ტელევიზიის დაფუძნება. 2012 წლიდან საქართველოში ჩამოყალიბდა პლურალისტური მედიაგარემო. მოქმედებს 14 ეროვნული ტელემაუწყებელი, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი 3 ტელევიზია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2004-12 წლებში ხალხისთვის წართმეული, ნაძარცვი ფულით ფინანსდება. ფუნქციონირებს ათეულობით სხვა, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზია თუ უამრავი დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ახალი ტელევიზიის დაფუძნება, პრაქტიკულად, რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი. აღარავინ იჭრება ტელევიზიებში და ჟურნალისტებს აქვთ მოვლენების გაშუქების სრული თავისუფლება. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;
  • 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში 25 ათასი პატიმარი იყო და წელიწადში საშუალოდ 150 პატიმარი იღუპებოდა. 2012 წლიდან პატიმრების რაოდენობა ორნახევარჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა, რაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებული წამების, გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღკვეთის შედეგია. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;
  • 2012 წლამდე სასამართლო სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული. 2012 წლიდან სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ – საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 5-ჯერ შემცირდა შეფარდებული ჯარიმის, ხოლო 18-ჯერ – გირაოს თანხის საერთო ოდენობა. პირველივე წლებში 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მხოლოდ ეს სტატისტიკაც საკმარისია იმის მტკიცებულებად, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა არა მხოლოდ რადიკალურად გაუმჯობესდა, არამედ სააკაშვილისა და ადეიშვილის სასამართლოს ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;
  • სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების დიდი ნაწილი რუსეთს გადასცა. საქართველოში რუსეთის ექსპანსიის პროცესი მხოლოდ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ შეჩერდა. ესეც არის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა;
  • სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ განახლდა საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში: ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეიქმნა ნატოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, განხორციელდა უამრავი რეფორმა, რომელთა წყალობითაც დღეს საქართველო წინ უსწრებს უკრაინას, მოლდოვას და ევროკავშირის წევრ თუ წევრობის კანდიდატ არაერთ ქვეყანასაც კი დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, ევროკავშირთან ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით

“როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას ედავებიან მას ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს კეთილმოსურნეებს უწოდებენ.

ფაქტია და სინამდვილეში მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით მხოლოდ პროგრესი, თანაც ფუნდამენტური პროგრესი განიცადა.

ერთადერთი, რასაც ივანიშვილს “საქართველოს კეთილმოსურნე” შეიძლება ედავებოდეს, შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა”, – განაცხადა კობახიძემ.


ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალოდ გათავისუფლებისკენ.

რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი