ახალი ამბები

რას ბედავთ თქვენ, ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ? – ლომჯარია ხუნდაძეს

10 ივნისი, 2022 • 6383
რას ბედავთ თქვენ, ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ? – ლომჯარია ხუნდაძეს

„რაო? რას ბედავთ თქვენ?!“ – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ საქართველო ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას.

„რაო? რას ბედავთ თქვენ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“ – წერს ნინო ლომჯარი სოციალურ ქსელში.


“ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს “ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით” მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ უარი უნდა თქვას სტატუსზე. ხუნდაძის ამ განცხადებას გამოცემა “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელის თქმით, “არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა”.

ხუნდაძის განცხადებას წინ უსწრებდა ევროპარლამენტის მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუციის მიღება.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალოდ გათავისუფლებისკენ.

აღნიშნულ რეზოლუციას და ევროპარლამენტარების კრიტიკას გუშინ, 9 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მან ევროპარლამენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ “რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”.

თუ EU სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ – ხუნდაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი