საზოგადოება

თუ EU სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ – ხუნდაძე

10 ივნისი, 2022 • 3322
თუ EU სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ – ხუნდაძე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს “ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით” მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას. ხუნდაძის ამ განცხადებას გამოცემა “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელის თქმით, “არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა”.

“თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას… არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა”, – ამბობს მმართველი პარტიის დეპუტატი.

მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ გუშინ, 9 ივნისს მიღებულმა რეზოლუციამ საქართველოს შესახებ “ყველა ზღვარს გადააბიჯა” და ეს ქართველი ხალხის მიმართ “ღია შეურაცხყოფა იყო”. ამასთან, ხუნდაძე ევროპას “უსამართლოს” უწოდებს და ამბობს, რომ ევროპა “დამამცირებლად გვექცევა”:

“სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ! ევროკავშირის შექმნამდე, ევროპის ჩამოყალიბებაში საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა. ევროკავშირის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ეს გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. და რა ვნახეთ გუშინ? ვნახეთ ქედმაღლურად დამყურე ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროპული ოჯახის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზებულ სახელმწიფოს. ჩვენ ამისთვის არ გვიშრომია არც მე-19 საუკუნეში და არ გვიბრძოლია არც ბოლო ათეული წლები.

გუშინდელ დღეზე ქართველი ხალხის განრისხება სამართლიანია. საქართველოს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა. გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება. პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა. რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა.

ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს. პირიქით, გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია. დღევანდელმა გლობალურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ეს თავად ევროპის პერსპექტივაც არის. რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას”, – აცხადებს ხუნდაძე.


ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალოდ გათავისუფლებისკენ.

აღნიშნულ რეზოლუციას და ევროპარლამენტარების კრიტიკას გუშინ, 9 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მან ევროპარლამენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ “რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი