ახალი ამბები

ლომჯარია განმარტავს, რატომ იყო 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში

16 აპრილი, 2025 •
ლომჯარია განმარტავს, რატომ იყო 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რატომ  იყო 2019 წლის 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში.

კითხვები 20 ივნისს ნინო ლომჯარიას პარლამენტში ყოფნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე დაისვა, როცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენდნენ.

კომისიის სხდომაზე „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ  იმ ღამეს პარლამენტის შენობაში გახარიას გვერდით მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძეც იყვნენ.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, მაშინ სახალხო დამცველი არა პარლამენტის შენობაში, არამედ რუსთაველის გამზირზე უნდა ყოფილიყო და მოქალაქეების უფლებები დაეცვა.

ნინო ლომჯარიას თქმით,  20 ივნისს, როცა აქციაზე იყო, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყენებდნენ რეზინის ტყვიებს და იზრდებოდა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის საფრთხე. ამიტომ, მისი თქმით, გადაწყვიტა, რომ პარლამენტში პასუხისმგებელი პირებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა აქციაზე არსებული მძიმე და უკონტროლო სიტუაციის შესახებ და მოეთხოვა ძალის არაპროპორციული გამოყენების შეწყვეტა.

„რუსული პროპაგანდის ქართულ ბიუროებს 6 წლის მერე „აღმოუჩენიათ“, რომ სახალხო დამცველს ანგარიში აქვს დაწერილი 20 ივნისზე, სადაც პასუხია ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს. რადგან ასე ძალიან ჩამორჩით მოვლენებს და აქამდე თურმე ჭურში ისხედით, არ დაგზარდებით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

  •  20 ივნისის ღამეს, როდესაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში რუსი დეპუტატი იჯდა, კობახიძე ბაქოში იყო გაქცეული, წულუკიანი სტამბულის აეროპორტიდან გვაკვირდებოდა და ზოგიც ჩირგვებში იჯდა და საქართველოს ღირსებას მხოლოდ ქართველი ხალხი იცავდა, რასაკვირველია, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივედი;
  • იქ ვიყავი, როდესაც დარბევა დაიწყო;
  • მოვუსმინე პრემიერის განცხადებას, რომ ტყვიებს არ იყენებდნენ;
  • იქ ვიდექი, როდესაც მოქალაქეებს სასწრაფოებთან გამოჰყავდათ დასისხლიანებული ქალები და კაცები;
  • ვნახე ჭრილობები, რომლებმაც გააჩინა ეჭვი, რომ მსგავსი დაზიანებები არ შეიძლება ყოფილიყო მიყენებული მხოლოდ გაზის კაფსულის გასროლით;
  • გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყენებდნენ რეზინის ტყვიებს;
  • ამაზე ხელისუფლების მხრიდან იყო სრული დუმილი, არავინ გამოდიოდა ხალხთან კომუნიკაციაზე;
  • იზრდებოდა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის საფრთხე, აქციის მონაწილეების მიმართ მძიმე და გამოუსწორებელი ზიანის მიყენების მასშტაბი;
  • საჭირო იყო სწრაფად მოქმედება, მივიღე გადაწყვეტილება, პარლამენტში პასუხისმგებელი პირებისთვის მიმეწოდებინა ადგილზე არსებული მძიმე და უკონტროლო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია და მომეთხოვა ძალის არაპროპორციული გამოყენების შეწყვეტა;
  • პარლამენტის შენობაში დამხვდა პრემიერი ბახტაძე, შსს მინისტრი, „ოცნების“ დეპუტატები;
  •  ვესაუბრე ყველას, ვისთანაც კი მომეცა ამის შესაძლებლობა, ვუთხარი, რა ხდებოდა გარეთ, რომ ტყვიებს იყენებდნენ, რომ ხალხი სახიჩრდებოდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეეწყვიტათ ძალის არაპროპორციული გამოყენება და ვინმეს აეღო პასუხისმგებლობა ხალხთან კომუნიკაციაზე;
  •  მაშინ, როდესაც ვცდილობდი გარეთ მყოფი ხალხის გადარჩენას, სოზარ სუბარი ჩუმად იყო და დუმილი მხოლოდ მაშინ დაარღვია, როდესაც ომბუდსმენის აპარატში ახლობლის დასაქმება მთხოვა, რაზეც ჩემგან საკადრისი პასუხი მიიღო“, – წერს ლომჯარია Facebook-ზე.

ლომჯარიას თქმით, 20 ივნისთან დაკავშირებით ომბუდსმენმა შექმნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი და შეისწავლეს საქმის მასალები, მოინახულეს 100-ზე მეტი დაკავებული, დაზარალებულები, დაადგინეს გამოძიების არაეფექტურობა და  კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააყენეს, ასევე ჰქონდათ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების რეკომენდაციები.

„ეს ანგარიში არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც 20 ივნისთან არსებობს, მაგრამ:

  • „ არც ერთ „ოცნების“ დეპუტატს, მათ შორის მათ, ვინც ახლა წულუკიანის კომისიაში ზის, არ დაუსვამთ არც ერთი შეკითხვა ჩემთვის აღნიშნულ ანგარიშებთან დაკავშირებით;
  • არც ერთ დეპუტატს არ დაუსვამს კითხვები მთავარი პროკურორისთვის, ან შსს მინისტრისთვის ამ ანგარიშზე დაყრდნობით;
  •  წულუკიანს, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო და სტრასბურგში მოპასუხე მხარე, არასდროს უკითხავს ჩემთვის, რა ვნახეთ, რა მოვიკვლიეთ, რა დავადგინეთ;
  • არც ერთ მათგანს არ მოუნახულებია დაზარალებულები, დაკავებულები;
  • 20 ივნისს, წულუკიანისგან, კობახიძისგან განსხვავებით, მე ვიდექი ხალხთან და მათი ჩამოყვანილი კომუნისტი რუსი გავრილოვის გამო ხალხის დასახიჩრებისგან გადარჩენას ვცდილობდი.

უფრო მეტიც, ნოემბერ-დეკემბრის თვეში, 10 დღე რომ აქციის მონაწილეებს პოლიციის ფურგონებში აწამებდნენ, იქაც მივიდოდი და დავდგებოდი, ხარებასთანაც შევიდოდი, გომელაურთანაც და კობახიძესთანაც, მოქალაქეების წამება რომ მემხილებინა და შემეჩერებინა. მე ასე ვხედავ სახალხო დამცველის მანდატს.

ქოცებს კი უნდათ ისეთი სახალხო დამცველი ვყოფილიყავი, ტელევიზორიდან რომ უყურებდა დარბევას და მერე 6 თვის თავზე ანგარიშს გამოდებდა საიტზე, მაგრამ მე ასე არ ვმუშაობდი. გავაკეთე მაქსიმუმი და ჩემი ჩართულობით იქნებ მეტი ადამიანიც გადაურჩა თქვენი ხელით თვალების დათხრას ან დაკავების დროს ცემას და პატიმრობას“, – წერს ლომჯარია Facebook-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი