ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არძინბას მადლობა სირიას, ნიკარაგუას, ლაოსს, სუდანს, ზიმბამვეს, ვიეტნამს, რუსეთს და ა.შ.

9 ივნისი, 2022 • 1886
არძინბას მადლობა სირიას, ნიკარაგუას, ლაოსს, სუდანს, ზიმბამვეს, ვიეტნამს, რუსეთს და ა.შ.

“განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი რუსეთის ფედერაციას, სირიის არაბულ რესპუბლიკას, ნიკარაგუას, კუბას, ბელარუსს, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას, ბურუნდის, ლაოსს, სუდანს, ვიეტნამს და ზიმბაბვეს, რომელთა წარმომადგენლებმაც მხარი არ დაუჭირეს გაეროში საქართველოს მიერ წარმოდგენილ პოლიტიზირებულ რეზოლუციას”, – განაცხადა ინალ არძინბამ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების სტატუსს შეეხება.

რეზოლუციას 95-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი მაშინ, როცა გასულ წელს მხარდამჭერთა რიცხვი 80-ს შეადგენდა. რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა რუსეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, ჩინეთმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ლაოსმა, ნიკარაგუამ, სუდანმა, სირიამ, ვიეტნამმა და ზიმბაბვემ.

“როგორც კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, გაეროს წევრი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ გაეროს ფასეულობებს და ყველა ხალხისა და ერის თანასწორობისა და უფლებების პრინციპებს, ამ ქვეყნებთან ერთად გავაგრძელებთ მრავალპოლარული და სამართლიანი მსოფლიოს მშენებლობას, სადაც ყველა მცირე ერის უფლება იქნება გათვალისწინებული”.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ადასტურებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.

“გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია უგულებელყოფს ისტორიულ სამართლიანობას და აფხაზური სახელმწიფოებრიობის ათასწლიან ისტორიას. რამდენი ასეთი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, უცვლელია ჩვენი სწრაფვა სახელმწიფო სუვერენიტეტის გამყარებისა და ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ მომავალშიც”, – განუცხადა ინალ არძინბამ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა, რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო tass-ს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს.  2008 წელს რეზოლუცია მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა, 2009 წლიდან კი მისი სახელწოდებაა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.

გაეროში დევნილებზე საქართველოს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი 15 ქვეყნით გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი