ახალი ამბები

გაეროში დევნილებზე საქართველოს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი 15 ქვეყნით გაიზარდა

9 ივნისი, 2022 • 1241
გაეროში დევნილებზე საქართველოს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი 15 ქვეყნით გაიზარდა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მეთხუტმედედ მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების სტატუსის შესახებ, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ადასტურებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.

რეზოლუცია გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

რეზოლუციას 95-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი მაშინ, როცა გასულ წელს მხარდამჭერთა რიცხვი 80-ს შეადგენდა. რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა რუსეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, ჩინეთმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ლაოსმა, ნიკარაგუამ, სუდანმა, სირიამ, ვიეტნამმა და ზიმბაბვემ.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. ინფორმაციისთვის, 2008 წელს რეზოლუცია მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა, 2009 წლიდან კი მისი სახელწოდებაა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.

ბოლო სამი წელია, რეზოლუციის თანაავტორები გაეროს სხვა წევრი ქვეყნებიც არიან. წელს რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს შეუერთდა 61 ქვეყანა. რეზოლუციის თანაავტორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კანადა, კირიბატი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, ხორვატია, შვედეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჯიბუტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ყოველწლიური დინამიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი