ახალი ამბები

ევროპარლამენტარი მის შესახებ საქართველოში გაკეთებულ ფოტომანიპულაციას გამოეხმაურა

8 ივნისი, 2022 • 909
ევროპარლამენტარი მის შესახებ საქართველოში გაკეთებულ ფოტომანიპულაციას გამოეხმაურა

„თუ „ქართული ოცნების“ მთავრობას მხოლოდ ასეთი საქმის კეთება შეუძლია, კრემლის ჩვეული სქემით, ვშიშობ, მცირეა იმედი საქართველოსთვის ევროკავშირში“, — ასე გამოეხმაურა ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ფოტომანიპულაციას, რომელშიც მისი, ანდრიუს კუბილიუსის, სალომე სამადაშვილისა და გუბაზ სანიკიძის სახეებია შერწყმული და აწერია, რომ ესენი არიან ენმ-ის ლობისტები ევროპარლამენტში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 7 ივნისს განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და „დაახლოებით იგივეა, გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ერთობლივი განცხადება“. დღეს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააზიარა „პოლიტიკური სატირის“ ფოტომონტაჟი, რომელიც დასპონსორებულია.

„ამის გავრცელებაში ფულს რომ იხდი, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან, და ხელისუფლება გქვია, ძალიან მაგრად გიჭირს. გადავუგზავნე ისე ამ ხალხს და იმათაც ძალიან იხალისეს, განსაკუთრებით იმ ფაქტზე, რომ დასპონსორებული ფოტოა“, — დაწერა სამადაშვილმა.

სწორედ სამადაშვილის პოსტზე დატოვა ევროპარლამენტარმა ზემოაღნიშნული კომენტარი.

ფეისბუქ გვერდი „პოლიტიკური სატირა/Political Satire“ გამოირჩევა ოპოზიციის, კრიტიკული მედიის და უკრაინის მადისკრედიტებელი პოსტებით.

გული არ აიცრუოთ, თუ შედეგი ოპტიმისტური არ იქნა – ევროპარლამენტარები საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი