საზოგადოება

გული არ აიცრუოთ, თუ შედეგი ოპტიმისტური არ იქნა – ევროპარლამენტარები საქართველოზე

6 ივნისი, 2022 • 1505
გული არ აიცრუოთ, თუ შედეგი ოპტიმისტური არ იქნა – ევროპარლამენტარები საქართველოზე

ლიეტუველი ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე საქართველოს პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, გული არ აიცრუონ, თუ ევროკავშირის წევრობის განაცხადზე „ნაკლებად ოპტიმისტური“ შედეგი დადგა.

წერილში, რომელსაც Accentnews ავრცელებს, ევროპარლამენტარები წერენ, რომ ევროკომისია უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებზე საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს მიიღებს.

„ამ პროცესის შედეგის წინასწარმეტყველება რთულია. ამ ღია წერილით ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს პოლიტიკურ ძალასა და მოსახლეობას, რომ არ აიცრუონ გული იმ შემთხვევაში, თუ შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური დადგა. ნაცვლად ამისა, გააერთიანონ ძალები, რათა საქართველო ევროკავშირამდე მიიყვანონ.

დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო მოწინავე ხაზს იკავებდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა შეფასებამ აჩვენა კიდეც, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით ყველაზე მომზადებული ქვეყანა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეფასება ეფუძნებოდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, არამედ დასავლეთ ბალკანეთსაც. თუმცა, დღეს, ევროკავშირსა და ევროპარლამენტში მზარდია აღქმა, რომ საქართველო ჩამოქვეითდა ბოლო წლებში. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა შესაბამისი სამუშაო, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოწინავე პოზიცია შეენარჩუნებინა. ამან კიდევ უფრო გაართულა საქართველოს მეგობრების – აშშ-სა და ევროკავშირის მუშაობა. შედეგად, გარე თვალისთვის სურათი პირქუშია.“

ამავე წერილში ნათქვამია, რომ „ოლიგარქიზაციისა“ და პოლარიზაციის დონე საქართველოში კვლავ მაღალია, ძალაუფლება კი იმ ადამიანის ხელშია, რომელიც დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული არ არის. ამასთანავე, ევროპარლამენტარები დასძენენ, რომ მოლდოვასაც აქვს მსგავსი პრობლემები – „თუმცა ამას დემოკრატიული არჩევნების გზით უმკლავდება“.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახლა ციხეშია. თქვენ ალბათ გახსოვთ, რა ზეგავლენა იქონია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაკავებამ ევროკავშირთან უკრაინის დაახლოებაზე და აქედან შესაძლებელი იყო გამოსავლის შესახებ დასკვნების გაკეთება.

სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად ევროკავშირის უპრეცედენტო ძალისხმევისა და პროევროპული დღის წესრიგის წინ წამოწევის მიუხედავად, ე.წ. შარლს მიშელის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შესულა ძალაში. ამასთანავე, მაშინ, როდესაც კომისიამ ამასთანავე, მაშინ როდესაც კომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიცემაზე რეკომენდაციის მომზადება დაიწყო – კრიტიკული მედია აშუალების მფლობელს პატიმრობა შეუფარდეს. ამან, თავის მხრივ, დაამატა კიდევ ერთი ლაქა საქართველოს შესახებ წარმოდგენაზე.

ამას ემატება საქართველოს მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინასა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, რომელიც უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ომის ფონზე რთული გასაგებია. უკრაინელები ახლა იცავენ არა მხოლოდ თავიანთ ტერიტორიასა და სახლებს, არამედ დემოკრატიას, თავისუფლებას, ევროპულ ღირებულებებს, რაც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. უკრაინა იმსახურებს შეურყევ მხარდაჭერას თითოეული ჩვენგანისგან და იმის გააზრებასაც, რომ ის არის ყინულმჭრელი – აღებს საქართველოსთვისა და მოლდავეთისთვის კანდიდატის სტატუსისკენ კარს. ვიცით, რომ საქართველოს ხალხიც ასე ფიქრობს“, – ვკითხულობთ წერილში.

„საბოლოოდ, ზოგჯერ თავს ვერ ვიკავებთ და გვეფიქრება, რომ მმართველ წრეში ვიღაც აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო არ გაწევრიანდეს ევროკავშირში. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება უდიდესი დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და ამასთანავე, ეს იქნება დიდი გამარჯვება პუტინის რეჟიმისთვის“.

წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ევროკომისია აპლიკანტი ქვეყნის განხილვისას ითვალისწინებს ყველაფერს – მათ შორის, დემოკრატიის ღირებულებისადმი ერთგულებას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას.

„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება არა ჩვენი – საქართველოს მეგობრების – დარწმუნების საქმეა, არამედ ეს არის პასუხისმგებლობის აღება და გაერთიანებული ძალისხმევის ჩვენება, როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციისა და ხალხის მიერ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ პრობლემების გადაჭრის გზები ეძებოს თბილისში და არა – ბრიუსელში. თუ ეს გამოწვევა განსაკუთრებით რთულია მთავრობისთვის, არსებობს დემოკრატიული გზები, რითაც მისი გადაცემა სხვებისთვის შეუძლიათ – ნებისმიერ ფასად სკამებზე ჩაბღაუჭების ნაცვლად. მეორე მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა იპოვონ ძალა, რომ განცალკევებულ პრობლემებზე მაღლა დადგნენ და წარმოადგინონ დამაჯერებელი სტრატეგია საქართველოს ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ასევე, აჩვენონ მტკიცე ლიდერობა, რაც ასეთი ამოცანისთვის ასე მნიშვნელოვანია.

თუ ეს ასე არ მოხდა, დადგება მომენტი, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს – ან არსებული პოლიტიკური სტრუქტურა, ქვეყნის სათავეში ბ. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ყოფნით, ან საქართველოს ევროპული მომავალი“, – წერენ ევროპარლამენტარები.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ , 28 თებერვალს კიევმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. უკრაინის კვალდაკვალ, 3 მარტს მსგავსი განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ქვეყნებმა უკვე შეავსეს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარები, რომლებზე მოსაზრებები ევროკომისიას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ექნება მზად. ამის შემდეგ კი ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც 23-24 ივნისს უნდა გაიმართოს. სწორედ ევროპულ საბჭოზე შეკრებილმა ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასთან დაკავშირებით – მიანიჭებენ თუ არა მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი