თბილისის ვიცე-მერის, ილია ელოშვილის ოჯახი, რომელიც გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, განცხადებას ავრცელებს. ოჯახის თქმით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვერსიები ელოშვილის გარდაცვალების მიზეზებზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს:
„ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ორმაგად დიდი ტკივილია ჩვენთვის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია თვითმკვლელობის შესახებ, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან არანაირი წინაპირობა ან რაიმე ნიშანი იმისა, რომ ილია ყოფილიყო ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში, არ არსებობდა“, – აცხადებს დაღუპულის ოჯახი.
გავრცელებულ განცხადებაში ოჯახი აღნიშნავს, რომ გასულ სამშაბათს, 31 მაისს, მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგ ელოშვილი გავიდა სამსახურში, რასაც ადასტურებენ მისი კოლეგებიც და მეგობრებიც, ვისთანაც ელოშვილს შეხება ჰქონდა სამშაბათს, უშუალოდ ტრაგედიის წინა დღეს გვიან საღამომდე და ვისთანაც ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები უშუალოდ გუშინ, ოთხშაბათს, 1 ივნისს, გარდაცვალების დღეს და მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში:
„ვფიქრობთ, რომ დაუშვებელი იყო, ტრაგედიიდან ორიოდე საათში პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ, რამაც უშუალოდ ბიძგი მისცა ამ ვერსიის და ამგვარი ჭორის გავრცელებას“ – აცხადებს ილია ელოშვილის ოჯახი.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ საზოგადოებას, არ გაავრცელონ ელოშვილის გარდაცვალების მიზეზებზე ვერსიები მანამ, სანამ გამოძიება არ დასრულდება და არ მომზადდება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა:
„ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოჯახის და განსაკუთრებით ილიას არასრულწლოვანი შვილების მდგომარეობის გათვალისწინებით, მივმართავთ ყველას თხოვნით, შეწყდეს სუიციდზე და ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საჯარო საუბრები სოციალურ ქსელებში თუ ტელეეთერებში, ვიდრე არ დასრულდება მიმდინარე გამოძიება და არ დაიდება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა. ესაა ჩვენი ოჯახის უმორჩილესი სათხოვარი და ყველა კეთილგონიერი ადამიანი, იმედია, ამას გაითვალისწინებს. მადლობას ვწირავთ საზოგადოებას, ვინც იზიარებს ჩვენს განუსაზღვრელ ტკივილს“, – ნათქვამია ოჯახის სახელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ყოფილი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს.