ახალი ამბები

“სპეკულაცია, რომ “ანას ბაღს” ვინმე ეხება, არის სიცრუე – კალაძის მოადგილე

12 იანვარი, 2020 • 1509
“სპეკულაცია, რომ “ანას ბაღს” ვინმე ეხება, არის სიცრუე – კალაძის მოადგილე

თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე ილია ელოშვილი სიცრუეს და სპეკულაციას უწოდებს ვარკეთილში, “ანას ბაღის” დამცველთა განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, სკვერს საფრთხე ემუქრება. სკვერის დაცვის მოთხოვნით ვარკეთილში ადგილობრივმა მოსახლეობამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები მესამე დღეა, რაც განაახლეს.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ არც წინა და არც ახლანდელი პროექტით მშენებელი არ ეხებოდა “ანას ბაღს”. საუბარია “ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის გამოყენებაც მოხდებოდა საპარკინგედ და სხვადასხვა მიზნებით, რომელიც გასხვისდა 2017 წელს. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ინვესტორთან, ინვესტორი დათანხმდა, რომ “ანას ბაღს”, რომელიც 300 კვადრატული მეტრია, დამატებით გადასცეს 200 კვ. მ. და მერია მას კიდევ დაუმატებს 300 კვ. მ-ს. გარდა ამისა, ინვესტორი დათანხმდა, რომ “ანას ბაღს” კეთილმოაწყობს და მოუვლის. ხდება “ანას ბაღის” არა დაზიანება, არამედ პირიქით, გადიდება და გალამაზება. ამიტომ, სპეკულაცია იმაზე, რომ ვინმე ანას ბაღს ეხება, არის სიცრუე.

არაერთი შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან, ადგილზეც ვართ გასულები. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და წითელი ხაზები. არგუმენტები, რომ იქ ხმაური იქნება და ჩვენ შევწუხდებით… 60-ბინიანი კორპუსის მშენებლობაზეა საუბარი და არავინ “ანას ბაღს” არ ეხება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ილია ელოშვილმა. მან ადგილობრივ მოსახლეობას არა აქციების გამართვისკენ, არამედ თავიანთი ინტერესების სამართებრივად დაცვისკენ მოუწოდა.

აქცია “ანას ბაღის” გადასარჩენად.


რა ხდება

ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, მათ მეზობლად არსებული “ანას ბაღის” გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დააწესეს, რათა მის მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა. მერია და კომპანია ირწმუნებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობით სკვერს საფრთხე არ შეექმნება.

სამეზობლო “ანას ბაღის” გადასარჩენად

მასალების გადაბეჭდვის წესი