ახალი ამბები

შეპირებულები ვიყავით, რომ ხელფასები იანვრიდან გაიზრდებოდა, სიტყვას შევასრულებთ — ელოშვილი “თვილსერვისის” მუშების გაფიცვაზე

7 აგვისტო, 2021 • 1371
შეპირებულები ვიყავით, რომ ხელფასები იანვრიდან გაიზრდებოდა, სიტყვას შევასრულებთ — ელოშვილი “თვილსერვისის” მუშების გაფიცვაზე

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელთა ნაწილის გაფიცვა “სამწუხარო გაუგებრობა” იყო. 7 აგვისტოს გამართული შეხვედრისა და გაფიცვის შეწყვეტის შემდეგ ელოშვილმა თქვა, რომ “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ, თუმცა როდის და რამდენით, ამაზე სამომავლოდ შეთანხმდებიან.

“ჩვენ გვქონდა ძალიან ადამიანური, ძალიან გახსნილი შეხვედრა და სრულის პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო და მე ამას ასევე ვიძახი “თბილსერვისის” თანამშრომლების სახელით: დღეს მათი გასვლა ხაზებზე მოხდა ყოველგვარი წინაპირობების და ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ თითოეული თანამშრომლის.

ჩვენ განვიხილეთ მათი მოთხოვნები შინაარსობრივად: რიგი მათი მოთხოვნებისა, რომლებიც წამოყენებული ჰქონდათ, ნაწილი უკვე შესრულებულია, რაც შეეხება ტექნიკის გადახალისებას და ეს გრძელდება. ასევე, უნიფორმებთან დაკავშირებით მცირე შეფერხება იყო და საუკეთესო უნიფორმებს მიიღებენ უახლოეს პერიოდში, ესეც ავუხსენით.

ხელფასებთან დაკავშირებით: ჩვენ შეპირებულები ვიყავით მათთვის, რომ იანვრის თვიდან გაიზრდებოდა ხელფასები და ამაზეც ვმუშაობთ. ჩვენ ჩვენს სიტყვას შევასრულებთ.

დანარჩენი არის ძალიან ტექნიკური დეტალები, გრაფიკთან დაკავშირებით. ამაზე შევთანხმდით, რომ 15 დღის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფების რეჟიმში, ისევე, როგორც ვაკეთებდით ამას ყოველთვის, დავსხდებით, განვიხილავთ და გადავწყვეტთ, ამ ტექნიკური საკითხებიდან რომელია მისაღები და რომელი არ არის მისაღები”, — დასძინა მან.

ელოშვილის განცხადებით, დასაქმებულებს აუხსნეს, რომ დღეს არასწორი იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ რამდენით გაიზრდება ხელფასი:

“…ისინი არ არიან ცალკე აღებული ჯგუფი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მერიაში რომელიმე ჯგუფის ხელფასის მომატებაზე, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერიაში მუშაობს 22 000 თანამშრომელი. შესაბამისად, ყველანაირი მატება უნდა ხდებოდეს საერთო ზიარჭურჭლის გათვალისწინების პრინციპით.

მათ ხელფასები დეკემბერში უკვე მოემატათ 20%-ით, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ზღვარი. აქ დეკლარირებულად გვქონდა ნათქვამი, რომ ხელფასები მათ მოემატებოდათ, თუმცა, როგორ, რა ფორმით და რამდენით, ამაზე შევთანხმდებით”.

მანამდე, პროფკავშირების წარმომადგენელმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მიიღეს პირობა, რომლის თანახმადაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები მომდევნო წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება, თუმცა არ დაკონკრეტებულა, იქნება თუ არა ეს 50%-იანი ზრდა: სწორედ ეს იყო გაფიცულთა 7-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი.

აკაკი გვალიას თქმით, დანარჩენი 6 პუნქტის საკითხი “ფაქტობრივად გადაწყვეტილია” და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

რას ითხოვდნენ გაფიცულები?

დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი 6 აგვისტოს გაიფიცა. ისინი საუბრობდნენ მძიმე შრომით პირობებზე და მცირე ანაზღაურებაზე. დასაქმებულები ხელფასების მომატებამდე უარს ამბობდნენ თბილისის ქუჩებიდან ნაგვის გატანაზე.

მოთხოვნები ასე გამოიყურებოდა:

  • ხელფასის 50%-იანი მატება;
  • ხელშეუხებლობა [იგულისხმება მოთხოვნა, პროტესტის მედიასთან საჯაროდ გამოხატვის შემდეგ არ გაათავისუფლონ];
  • ძველ გრაფიკზე დაბრუნება;
  • სამუშაო ფორმის შეცვლა;
  • უფასო დაზღვევა;
  • ტრანსპორტის განახლება;
  • კუთვნილი შვებულებით სრულად სარგებლობა.

როგორც „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, 6 აგვისტოს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სამუშაო გრაფიკი ძველ რეჟიმს დაუბრუნდება. თუმცა ხელფასების საკითხი ჯერჯერობით მოუგვარებელი რჩებოდა.

გადავსებული ნაგვის ურნა თბილისში. ფოტო: ანა დოლიძე

დასაქმებულების თანახმად, ნაგვის ურნების დამცლელი მუშების ყოველთვიური ანაზღაურება არის 760 ლარი, ხოლო სატვირთო ავტომობილების მძღოლებისა – 860. დასაქმებულები ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ.

მერიამ გუშინ თქვა, რომ მისთვის გაფიცვა მოულოდნელი იყო, თუმცა, მათ ნაწილთან შეთანხმების მიღწევა შეძლეს, მოლაპარაკებები კი ისევ გრძელდებოდა.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა დამსაქმებელია შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს, კერძოდ კი, თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. „თბილსერვის ჯგუფი“ არის კომპანია, რომელსაც თბილისის მასშტაბით ევალება ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ასევე, სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და ა.შ.

კალაძის პასუხი პროტესტს

“გაფიცვის მცდელობა იყო”; “ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია”; “არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ სელფები იღოს გადავსებულ ნაგვის ურნებთან” — ამ გზავნილებით გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელთა ნაწილის პროტესტს.

კალაძე 7 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთი ქუჩიდან, დასუფთავების სამსახურის უნიფორმით ფეისბუქ ლაივში ჩაერთო, გაფიცულთა მოთხოვნებზე ისაუბრა, თქვა, რომ პროტესტის მონაწილეებს “პროვოკატორები აბუნტებდნენ” და გაახმიანა ბრალდება, რომლის თანახმადაც სამსახურში დაბრუნებულ თანამშრომლებს “აბულინგებდნენ”.

თბილისის მერის განცხადებით, სამწუხაროა, რომ “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვა გადაწყვიტა, ვინაიდან მერიასა და მათ შორის არ ყოფილა “ისეთი ურთიერთობა”, რომ საუბარი და მოსაზრებების გაცვლა შეუძლებელი ყოფილიყო.

“გახარებული ადამიანები, რომლებიც ვიდეოებს, სელფებს იღებდნენ დაბინძურებულ ნაგვის ურნებთან… ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული და მწვანე.

მიუხედავად იმისა, რომ  ეს არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ რას ვიზამთ, მოუწევთ კიდევ ბევრი წელი უყურონ ჩვენს გაკეთებულ პროექტებს და დატკბნენ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოებით.

უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეოები იღოს გადავსებულ ნაგვის ურნებთან. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია“ — განაცხადა მან.

კალაძის მტკიცებით, არასდროს უთქვამს, რომ “თბილსერვისის” თანამშრომელთა მუშაობით უკმაყოფილოა.

“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მიზანმიმართულად გავრცელებული ჭორი, კონკრეტულად იმ პროვოკატორების მხრიდან, ვინც დღეს იქ აბუნტებდა ადამიანებს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი