ახალი ამბები

ბაირაქტარს, რომელიც უკრაინისთვის უნდა გვეყიდა, თურქეთი უფასოდ გადმოგვცემს — ლიეტუვის მინისტრი

2 ივნისი, 2022 • 2478
ბაირაქტარს, რომელიც უკრაინისთვის უნდა გვეყიდა, თურქეთი უფასოდ გადმოგვცემს — ლიეტუვის მინისტრი

იმისათვის, რომ თურქული წარმოების ბაირაქტარი უკრაინისთვის ეყიდათ, ლიეტუვაში 5 მილიონი ევრო შეაგროვეს. თუმცა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუსკასის თქმით, თურქეთმა გადაწყვიტა, უფასოდ გაიღოს უპილოტო საფრენი აპარატი.

“დაუჯერებელია, მაგრამ თურქეთი თანახმაა, უფასოდ გაიღოს ბაირაქტარი, რომლისთვისაც ლიეტუვამ ფული შეაგროვა. გასაოცარია”, — წერს ის.

ანუშაუსკასის თანახმად, შეგროვილი ფულით, რომელიც ლიეტუველებს ბაირაქტარში უნდა გადაეხადათ, ამავე საფრენი აპარატისთვის საჭირო საბრძოლო მასალას შეიძენენ, დარჩენილი ფულით კი ასევე უკრაინას დაეხმარებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ტვიტერზე” ბაირაქტარის მწარმოებელმა თურქულმა კომპანიამ, BAYKAR-ც დაწერა და დაადასტურა, რომ ლიეტუვას 1 ერთეულ Bayraktar TB2-ს გადასცემს.

კომპანია სთხოვს ლიეტუვას, ყველა ის შემოწირულობა, რომელიც ბაირაქტარის საყიდლად შეგროვდა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნოს.

ლიეტუველმა ტელეწამყვანმა, ანდრიუს ტაპინასმა, 25 მაისს გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ბაირაქტარის საყიდლად თანხის შეგროვებას იწყებდა. მან სრული თანხა 3 დღეში შეაგროვა.

ამის შემდეგ, პირველ ივნისს, თურქეთის თავდაცვის სააგენტოს პრეზიდენტსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა ვილნიუსს, ანკარისაგან ბაირაქტარი შეეძინა.

თურქული წარმოების Bayraktar TB2 დარტყმის უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ წარმოებულ ომში აქტიურად გამოიყენეს.

ბაირაქტარს, რომელიც 2015 წლიდან გამოიყენება, შეუძლია ჰაერში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში გაჩერება და მართვადი საბრძოლო მასალის სროლა – 2,5-დან 37,5 კილოგრამამდე.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/395765/

მასალების გადაბეჭდვის წესი